ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის მოადგილემ, იური კიმმა ყალბი ინფორმაცია უწოდა „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ნარატივს გლობალური ომის პარტიის შესახებ და აღნიშნა ისიც, რომ სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოს აშშ-ის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.
„როცა ამტკიცებ, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს – ყალბი ინფორმაციაა. როცა ამტკიცებ, რომ აშშ-ის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს – ყალბი ინფორმაციაა. როცა ამტკიცებ, რომ აშშ-ის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, თითქოს რაღაც ოპერაციას აწარმოებს მეგობარი ქვეყნის არჩეული მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალების მოსაწყობად – არის ყალბი ინფორმაცია.
არ შეიძლება ამტკიცებდე, რომ ხალხს წარმოადგენ და ევროპაში მომავალი გსურს, აშშ-სთან მტკიცე თანამშრომლობა გსურს და შემდეგ წახვიდე და ისეთი რაღაცები გააკეთო, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები მიგითითებენ, რომ ეს ზუსტად ის არის, რაც რუსეთს სურს და რასაც რუსეთი აკეთებს. ეს წარმოუდგენელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ”.
ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, კიმს ჰკითხეს „ქართული ოცნების” ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზეც, რაზეც მან უპასუხა:
„უამრავი ცნობაა იმის შესახებ, როგორ იყენებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტექნოლოგიებს, სესხებს, ვალებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებში თავის მონაწილეობას, რათა შექმნას დამოკიდებულება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებელი კი არ მოაქვს, არამედ აზიანებს მათ.
ჰკითხეთ მონტენეგროს მოსახლეობას, როგორია ვალის ხაფანგში აღმოჩენა. ჰკითხეთ შრი ლანკას. სია აქ არ სრულდება. ჰკითხეთ რეგიონში მეზობლებს, როგორია ჩინეთთან ახლო ურთიერთობის ქონა”, – აღნიშნა მან.