ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება

პუბლიკა

დღეს საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის Facebook -ის პირდაპირ ეთერში მიწვეული სტუმრები იხსენებენ ჰოლოკოსტის მსხვერპლებს და საუბრობენ მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე.

„მუდმივი გააზრება და ხსოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს, პატივი მივაგოთ მსხვერპლთ და თავიდან ავიცილოთ დანაშაულის ჩადენა მომავალში“, – განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ევოპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ნატალია ვუტოვამ.

შეხვედრას ესწრება საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელიც ამბობს, რომ ამ დღის გახსენება შესაძლებლობას გვაძლევს, დავფიქრდეთ თანასწორობის მნიშვნელობაზე.

„ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება და ამ დღის კიდევ ერთხელ გააზრება, შესაძლებლობას მოგვცემს, დავფიქრდეთ თანასწორობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე და დავგმოთ უთანასწორობის, ანტისემიტიზმისა თუ შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინება“, აღნიშნა ომბუდსმენმა.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილეა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი, რომელიც ამბობს, რომ ჰოლოკოსტმა უნივერსალური გაკვეთილი დაგვიტოვა, რაც ერთნაირად შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ საზოგადოებაზე:

„როგორც 91 წლის მამის შვილი, რომელმაც თავად გამოიარა ჰოლოკოსტი, ეს თემა ყოველთვის პირადული იყო ჩემთვის. ამ მოვლენამ უნივერსალური გაკვეთილი დაგვიტოვა, რაც ერთნაირად შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ, ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე მთელი კაცობრიობისთვისაა მნიშვნელოვანი“, განაცხადა რან გიდორმა.


სიტყვით „ჰოლოკოსტი“ აღინიშნება 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, იეჰოვას მოწმეების და სხვა უმცირესობების მიმართ გენოციდი.

ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს.