ჰომოფობიურ აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 20 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა - შსს

პუბლიკა

პრაიდის მოწინააღმდეგე, ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაზე გუშინ დაკავებული 23 პირიდან, შსს-მ 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, 3 კი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება, – ამის შესახებ „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ყველა მათგანის მიმართ სამართალწარმოება გრძელდება.

პრაიდკვირეულის ფარგლებში, გუშინ Tbilisi Pride-ის ორგანიზებით პირველი ღონისძიება – დოკუმენტური ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა.

დახურული ჩვენების ადგილას მივიდნენ ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებიც. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, ფილმის ჩვენებაზე მისული სტუმრების მისამართით კი კვერცხებსა და სხვადასხვა საგანს ისროდნენ.