„ჰომოსექსუალობა კრიმინალი არ არის და, მით უმეტეს, არც ცოდვა“ – თანასწორობის მოძრაობა

პუბლიკა

თანასწორობის მოძრაობა სინოდის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულნი საპატრიარქოს შიდა საკითხებით და იქ წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებით, თუმცა აუცილებლობად მიაჩნიათ, გამოეხმაურონ იმ განცხადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზებას და უპირველესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს თემს.

„საპატრიარქო, თუ მასთან აფილირებული ჯგუფები, განცხადებებით, ქადაგებებითა, თუ საჯარო მსვლელობებით, ყოველთვის ახალისებდა ჰომოფობიასა და ტრანსფობიას და ხელს უშლიდა ლგბტ ადამიანების ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის. ამ ხისტმა პოზიციამ განსაკუთრებით დააზარალა ლგბტ მოძრაობის მცდელობა, დაეცვა თემის უფლებები. ამის საილუსტრაციოდ კმარა 17 მაისის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღის გამოცხადება ოჯახების სიმტკიცის დღედ და ყოველ 17 მაისს ჰომოფობიური მსვლელობების გამოჩენა თბილისის ქუჩებში მღვდელმსახურების მონაწილეობით.

ერთი მხრივ საპატრიარქოს მტრული პოზიცია ლგბტ თემის მიმართ და მეორე მხრივ განცხადებები ეკლესიის მეთაურის ჰომოსექსუალობის შესახებ, შესაძლოა სკანდალურად ჟღერდეს, მაგრამ ამან მაინც არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალი არ არის და, მით უმეტეს, არც ცოდვა. შესაბამისად, ნებისმიერ მსჯელობას, რომელიც დემოკრატიული სახელწიფოსთვის უცნობი, საეკლესიო სამართლის რიტორიკას ეფუძნება, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, უნდა გავემიჯნოთ,”- ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ  მიუღებელია ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოყენება პირადი თუ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

თანასწორობის მოძრაობა მოუწოდებს მედიას, ნათლად გაემიჯნოს დამაკნინებელ და მადისკრედიტებელ გამონათქვამებს, რომლებიც მთლიანად ლგბტ თემზე უარყოფითად აისახება.

„მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ჰომოფობიური განცხადებების ტირაჟირებისგან, ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და მარგინალიზებისგან,” – ამბობენ თანასწორობის მოძრაობაში.