ჰოსპიტალების მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორები მარტის ბოლოს გამოქვეყნდება - სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს.

უწყების ცნობით, ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

პრესრელიზის მიხედვით, ხარისხის შესაფასებლად სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც. მათივე თქმით, პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.

„შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. სამუშაო პროცესში სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

აღნიშნული ინსტრუმენტი შემდგომ ეტაპზე გამოყენებული იქნება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის.

ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის, საქართველოს 2022- 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.