ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა ტალღებთან შედარებით დაბალია - გაბუნია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია, თუმცა შედარებით დაბალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

„ჰოსპიტალიზაციის პროცესი ამ მიმდინარე პერიოდში არის 12%, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე წინა ტალღების დროს გვქონდა. გარკვეულწილად, ეს მიუთითებს იმას, რომ ვაქცინაციის ფონიდან შესაძლოა, შემთხვევები შედარებით მსუბუქია და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება. დაახლოებით 9 000-მდე საწოლი, რომელიც ჩვენ მობილიზებული გვქონდა მეოთხე ტალღის პიკურ პერიოდში, მობლიზებული დარჩა და აქედან დაკავებულია 5 679 საწოლი, დანარჩენი არის თავისუფალი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში. StopCov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი, ხოლო გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 42 ადამიანი.