ჰოსპიტლურ სექტორში იგრძნობა სტაბილიზაციის ნიშნები, თვალსაჩინოა დატვირთვის შემცირება აჭარაში - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰოსპიტლურ სექტორშიც იგრძნობა ცალსახა სტაბილიზაციის ნიშნები, შემთხვევების კლებასთან ერთად საავადმყოფოების დატვირთვაც იკლებს. მისი თქმით, განსაკუთრებით თვალსაჩინოა დატვირთვის შემცირება აჭარის რეგიონში, სადაც უკვე ერთი კვირაა ჰოსპიტლები მუშაობენ 50%იანი დატვირთვით. რაც, გაბუნიას შეფასებით, იმედისმომცემი ნიშანია.

„5000-ზე ოდნავ მეტია სხვა ჰოსპიტლებში პაციენტების როადენობა, 2 000-ს გადააჭარბა თავისუფალი საწოლების რაოდენობამ. მაინც საყურადღებოა მძიმე პაციენტების რაოდენობა და იმ პაციენტების რაოდენობა, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, 300-ს აღემატება ასეთი პაციენტების რაოდენობა. ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა 1000-ზე მეტი პაციენტი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა.

შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციის პირობებეში, რა თქმა უნდა, ჰოსპიტლური სექტორისთვის დიდი შეღავათია ის, რომ პაციენტების ნაკადები შემცირდა, ასევე შემცირდა პაციენტების ნაკადი კლინიკურ სასტუმროებშიც, დღეის მდგომარეობით 1250 ადამიანი იტარებს მკურნალობას სასტუმროში, რაც ასევე მიუთითებს იმას, რომ მეტის საჭროება ამ ეტაპზე არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით ამჯერად საუბარია სტაბილიზაციაზე, თუმცა, იმის დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და ეპიდემიის უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს, ამაზე საუბარი ნაადრევია.