HRW: ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში 2024 წელს მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო

პუბლიკა

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში 2024 წელს მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო.

ანგარიშში მოხსენიებულია 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ, რასაც საყოველთაო პროტესტი მოჰყვა.

„პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ. ისინი აქციის მონაწილეების მისამართით უსაფუძვლოდ იყენებდნენ ცრემლმდენ გაზს, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს.

მოძალადე ბრბოები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყვნენ ხელისუფლებასთან, მონაწილეობდნენ ცემაში.

რამდენიმე ასეული აქციის მონაწილე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. ბევრმა აღნიშნა ცემისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ; ათეულს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ასევე იხსენიებს ივნისში მიღებულ რუსულ კანონს, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებად“ არეგისტრირებს.

როგორც HRW წერს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ამ კანონს გამჭვირვალობის გაძლიერებას უკავშირებდა, მისი მიღების დრო და არსებითი დებულებები მიუთითებს, რომ ის მიზანში იღებს დამოუკიდებელი ჯგუფების და მედიის დისკრედიტებას.

ასევე, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული ცენზურის დამწესებელ და რეპრესიულ ანტი-LGBT კანონზე. ანგარიშის მიხედვით, „ოჯახური ღირებულებების და ბავშვების დაცვის“ საფარქვეშ მიიღეს დისკრიმინაციული ანტი-LGBT კანონი, რომელიც აწესებს შეზღუდვებს განათლების, ჯანმრთელობის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე.

HRW შეეხო საპარლამენტო არჩევნებსაც.

„ოქტომბერში მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება  საპარლამენტო არჩევნებში, რომელზეც ოპოზიცია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი და დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფები აცხადებენ, რომ მოხდა გაყალბება, დაშინება და ხმების მოსყიდვა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშში მოხსენიებულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეც, კერძოდ, სექტემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია წამების აკრძალვა და თავისუფლების უფლება იმით, რომ ჩაფლავდა მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის და აზერბაიჯანში არალეგალური გადაყვანის გამოძიებაში.

HRW წერს ბავშვთა უფლებებზეც.

„გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა ხაზი გაუსვა გადაუდებელი ზომების აუცილებლობას რამდენიმე ძირითად სფეროში, მათ შორისაა ძალადობა, უგულებელყოფა, სექსუალური ძალადობა და ბავშვების ექსპლუატაცია.

კომიტეტმა გამოთქვა შეშფოთება არასაკმარისი ზომების გამო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ოჯახებში, მინდობით აღზრდასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.“

HRW იხსენებს, რომ გაეროს კომიტეტის აზრით, საქართველომ ვერ დაიცვა ბავშვები ძალადობისა და ძალადობისგან ეკლესიის მიერ მართულ ბავშვთა სახლში. საუბარია ნინოწმინდის პანსიონატზე.

შრომის უფლებების ქვეთავში ნათქვამია, რომ ეს კვლავ სერიოზული შეშფოთების საგანია საქართველოში.

ანგარიშის მიხედვით, ზეგნაკვეთური შრომის რეგულაცია სუსტია, ფართოდ გავრცელებული პრობლემაა „ხელფასების ქუროდბა“ [wage theft], სოციალური დაცვა მინიმალურია და ხელფასები მკვეთრად დაურეგულირებელია.

მინიმალური ხელფასი, თვეში 20 ლარი, 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა და ეს თითქმის 93-ჯერ დაბალია, ვიდრე სავარაუდო საარსებო მინიმუმი 1858 ლარი.

HRW შრომის ინსპექციის ანგარიშსაც იშველიებს – ინსპექციის მონაცემებით, 2023 წელს სამუშაოსთან დაკავშირებული ავარიების შედეგად 34 მუშა დაიღუპა და 347 დაშავდა.

ამავე ანგარიშით, სამუშაო ადგილზე დაზიანებების მაჩვენებელი 100 000 მუშაკზე 2020 წლიდან ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობა შემცირდა იმავე პერიოდში.