HRW: „ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ აფგან სადიგოვის გაძევების გარემოებები“

პუბლიკა

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას და აცხადებს, რომ იგი ამით „პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე დააყენეს“.

„სადიგოვის გაძევების გარემოებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა არაკეთილსინდისიერად და ითანამშრომლა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან, რათა აერიდებინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ საქართველოს ქმედებები და უზრუნველყონ პასუხისმგებლობა მისი ვალდებულებების ნებისმიერი დარღვევისთვის. ეს ვალდებულებები მოიცავს დევნის, წამების ან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების რისკის წინაშე დაბრუნების აბსოლუტურ აკრძალვას, ასევე სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარანტიებს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ეფექტურ სამართლებრივ დაცვის საშუალებას და დროებითი ზომების შესრულებას.“

1 აპრილს აზერბაიჯანმა აფგან სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.

3 აპრილს ქართულმა სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.

4 აპრილს აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით, Facebook-ზე პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით დააკავეს.

5 აპრილს, დაკავებიდან რამდენიმე საათში სადიგოვი სასამართლომ აზერბაიჯანში გააძევა.

ბაქოში ჩასვლის შემდეგ, 6 აპრილს, სადიგოვის მეუღლემ და ადვოკატმა გაავრცელეს ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ. გავრცელებული ცნობებით, ჟურნალისტი ქუჩაში სამართალდამცველებმა გააჩერეს, უთხრეს, რომ ის ძებნილი იყო, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების მექანიზმზე (MFRR) ხელმომწერ პარტნიორებთან და მედიის თავისუფლების, ჟურნალისტთა და გამოხატვის თავისუფლების დამცველ სხვა ორგანიზაციებთან ერთად გმობს აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას.

ორგანიზაციების შეფასებით, სადიგოვის დეპორტაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისტი ვალდებულებების უხეში დარღვევაა და ამას მკაცრი დაგმობა სჭირდება.