Human Rights Watch საქართველოში მიმდინარე ბოლო აქციების შესახებ ვრცელ შეფასებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები სასტიკ ძალადობას მიმართავდნენ.
HRW აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი და სადამსჯელო ხასიათის ქმედებებით პოლიციელები აქციის მონაწილეებს არბევდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ. ისინი მიუთითებენ იმასაც, რომ დაკავებულები პოლიციელების მხრიდან განიცდიდნენ წამებას და სხვა არასათანადო მოპყრობას მანქანებსა და განყოფილებებშიც.
ანგარიშის ფარგლებში HRW ესაუბრა ათობით დაზარალებულს, რომლებიც მიუთითებენ თავის ტრავმაზე, მათ შორის ტვინის შერყევაზე, ცხვირის, ნეკნების მოტეხილობასა და სხეულის ჩალურჯებებზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აქციებზე პოლიცია ატარებდა აირწინაღებს ან შავ ნიღბებს და არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.
„ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არის შოკისმომგვრელი, ღიად რეპრესიული და არღვევს საქართველოს შიდა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მასშტაბი და საქართველოს ხელისუფლების უუნარობა, რომ ისინი პასუხისგებაში მიეცათ, მიუთითებს, რომ ძალადობა ან მათი მხრიდან იყო ნებადართული ან გამართლებული”, – აღნიშნავს ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი.
ანგარიშში განხილულია, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთავრობა ხალხის მასის დასაშლელად საპროტესტო აქციებს პასუხობდა დიდი რაოდენობით ცრემლმდენი გაზით, წყლის ჭავლით და ზოგიერთ შემთხვევაში, რეზინის ტყვიებით.
„მიუხედავად იმისა, რომ იყო ერთეული შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეები პოლიციის ძალადობის საპასუხოდ ისროდნენ წყლის ბოთლებსა და ფეიერვერკებს, აქციები იყო ძირითადად მშვიდობიანი”, – ნათქვამია განცხადებაში.
HRW ასევე საუბრობს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, დააჯილდოოს საპოლიციო ძალების ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დასავლეთმა აქციების ძალადობრივად დარბევის გამო სანქციები დაუწესა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათი დაჯილდოება მიმდინარე გამოძიებების პირობებში აჩვენებს ძალადობისთვის პასუხის დაკისრების ვალდებულების უპატივცემულობას.
„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემაზე, წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ბრალდებები. ამ გამოძიებებმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ პერსონალური პასუხისმგებლობა, არამედ მოითხოვოს პასუხისმგებლობა ძალის გადამეტების გამოც“.
HRW აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება არჩევნების შემდგომ ძალადობებზე – ამასთან, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის ადამიანის უფლებების სანქციების გლობალური რეჟიმი, რათა სანქციები დაუწესონ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცემასა და ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები. ორგანიზაციის განცხადებით, ამავე დროს, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო სექტორისა და მედიის დახმარება.