HRW რუსულ კანონზე: საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრებისკენ

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (Human Rights Watch) „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და წერს, რომ „ახალი კანონმდებლობა ჩაახშობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრებისკენ”.

„საქართველოს მმართველმა პარტიამ შემოგვთავაზა ახალი კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, პირდაპირ რუსული სპექტაკლიდან.

ახალი კანონმდებლობა ჩაახშობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრებისკენ”, – წერს ორგანიზაცია.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.