პროპორციულის მისაღწევად შეტევაზე გადასვლის დროა - დავით ბერძენიშვილი

პუბლიკა

“რესპუბლიკელების” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი  ვრცელ თვალსაზრისს აქვეყნებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს და ამ კრიზისიდან გამოსავლის ძიებას ეხება.

იგი აღწერს პოლიტიკურ ლანშაფტს, როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური კუთხით. მოჰყავს პარალელები საქართველოს უახლესი ისტორიიდან.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა პროპორციული, უბარიერო (დაბალბარიერიანი) საარჩევნო სისტემის მისაღწევად. “ხელისუფლებაზე დემოკრატიული შტურმის დროა ამ ფრონტზე, შეტევაზე გადასვლის დროა პროპორციულის მისაღწევად.
თითოეულ მანდატიან პოლიტიკოსს ექნება თავად გადასაწყვეტი, მომავლის კენჭისყრისას როგორ მოიქცეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოცნება გაბედავს და დაარეგისტრირებს, საკმარისზე მეტი ოპოზიციონერი მისცემს ხმას… არ იმუშავებს აკრძალვები”. – წერს ბერძენიშვილი.

გთავაზობთ მის მოსაზრებას სრულად:

ქვეყანაში მძვინვარებს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სახელმწიფოებრიობის კრიზისი.

აგრესორი, ინტერვენტი, ოკუპანტი რუსეთისგან პერმანენტული საგარეო საფრთხის პირობებში ხელისუფლება, ქართული პოლიტიკა მთლიანადაც კი ნამდვილად არაა სრულად მობილიზებული და მოწოდების სიმაღლეზე – გავიხსენოთ, რომ სწორედ შიდაპოლიტიკური კრიზისების პიკის პერიოდს არჩევდა ჩრდილოელი აგრესორი მასშტაბური შემოტევისთვის( 90-იანების დასაწყისი, 2008-ის ზაფხულის ოპოზიციური ბოიკოტი, უარი მანდატებზე და ა.შ.).

2008-2012 წწ. ოპოზიციური პოლიტიკა იყო მეტწილად ქუჩაში და არა პარლამენტში. ხელისუფლებას ძალიან ძვირი დაუჯდა არჩევნების გაყალბებაც, ოპოზიციური მანდატების საკმაო ნაწილის მიტაცებაც (არას ვლაპარაკობ 2008 წ. იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბზე, რომელმაც 2020-ის მსგავსად შეცვალა გამარჯვებულის შედეგი. და მაშინ ამაში დარწმუნებული ასიათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა.. გაცილებით მეტი, ვიდრე 2020 წ. ნოემბერში).

ოპოზიციის “შეურიგებელი” ნაწილის დაჟინება ძვირად დაგვიჯდა ორჯერ – 2008 წ. თებერვალ-მარტში “ორპალატიან შიმშილობაში” გაილია მიტაცებულ პრეზიდენტობაზე პროტესტი, 2009-ის ზაფხულში კი ომით გადავადებული წაყალბებული საპარლამენტო არჩევნების გამო პროტესტი კარვებში გაილია.

2018-ის დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუჩის პროტესტი რესპებისგან და სხვებისგანაც იმდენად პროგნოზირებადი, მიკნავლებული იყო, რომ გახსენებაც არ ღირს.

არც ერთ შემთხვევაში არ უხეირია არც ” გამარჯვებულ” ხელისუფლებას და არც პოლიტიკური ინტელექტის სიმწირით დატვირთულ, მართლაც დამარცხებულ/დანარცხებულ “შეურიგებელ” ოპოზიციას. 2011 წლის მაისის არადასავლურ სუსტ აქციებს (არ იყო მარტო ნინო ბურჯანაძე, სოზარ სუბარის ფორმალური თავმჯდომარეობით ეროსის, ლევან გაჩეჩილაძის, ლაშა ნაცვლიშვილის და სხვათა ანტიდასავლური “ქართული პარტიაც ” გაიხსენეთ).

მიშა არჩევნებით არ წავაო, რომ აჟღარუნებდნენ ტექსტებს, ლამის მთელი წელი საკნიდან უცნობის პერმანენტული დამოძღვრაც გავიხსენოთ.

2011 წ. 26 მაისის აქციის დარბევა იყო სადამსჯელო ოპერაცია, დანაშაული. ამასთანავე, აქციის სულისკვეთება იყო ანტისაარჩევნო, ანტიდასავლური და პრორუსული.

სიმართლე ესაა. მესამე ფერის დანახვა მაშინაც უჭირდა ბევრს და ახლაც უჭირს არანაკლებს.

2007-ში ოპოზიცია გავუმკლავდით ერთი მილიარდერის მოძალებას და პრეტენზიებს პოლიტიკურ ოლიმპზე, გვეყო ძალა – რესპებს გამორჩეულად. 2011-ში რვიანიც რომ დაგვიშალა ოპოზიციას ხელისუფლებამ, მეორე მილიარდერს უაღრესად დასუსტებულები ვეღარ შევეწინააღმდეგეთ, მასთან თანამშრომლობით ვეცადეთ მოყირჭებულ(მოძალადეც) ხელისუფლებასთან გამკლავება და ევროატლანტიკური არჩევანის შენარჩუნება.

არც ყოფილ ხელისუფლებას მოუგია და არც რესპებს, არც ქვეყანას.
არასოდეს არ ყოფილა რუსული საოკუპაციო “რბილი ძალა” ისე მასშტაბური, ფესვგადგმული, ეფექტურად დაფინანსებული დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ახლაა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური “ომია” რამდენიმე ფრონტით.

20 ივნისის სადამსჯელო ოპერაციის, ოპონენტებზე პოლიტიკური ანგარიშსწორების და გაყალბებული არჩევნების კატასტროფული შედეგების აღმოსაფხვრელად ჩვენ მოვითხოვთ პროპორციული, ბუნებრივი ბარიერის საარჩევნო სისტემით, სამართლიან გარემოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

31 ოქტომბრის არჩევნებად წოდებულმა სახელისუფლებო ღონისძიებამ დაადასტურა, რომ კომპრომისული 120/30 სისტემის პირობებში შეუძლებელი აღმოჩნდა გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება. გაყალბდა პროპორციული ნაწილიც. ამასთანავე, მთავარი აქცენტი 30-ვე მაჟორიტარული ოლქის მიტაცებაზე გაკეთდა. შემთხვევითი სულაც არ იყო ირაკლი კობახიზის დაქადნება, რომ გლდანშიც კი გამოკვეთილი ოპოზიციონერი ფავორიტის – ნიკა მელიას გამარჯვებას გამორიცხავდა.

პოლიტიკიდან წასვლის პირობაც კი დადო მან სწორედ იმ ოლქებში ფავორიტი ოპოზიციონერებიდან თუნდაც ერთის გამარჯვების შემთხვევაში, სადაც ოპოზიციონერები იყვნენ ფავორიტები და გაყალბებული არჩევნების ოფიციალური შედეგებითაც კი ფავორიტებად რჩებოდნენ მეორე ტურებში.

(ამჟამად არ შევეხები მეორე ტურში მონაწილეობაზე 1 ნოემბერსვე უარის თქმის პოლიტიკურ ავკარგიანობას – რესპუბლიკელების სკეპტიკური დამოკიდებულება ამ ტაქტიკისადმი პარტნიორებისთვის (უფრო საფუძვლიანად) და საზოგადოებისთვისაც ცნობილია – ამასთანავე, სოლიდარობა გამოვუცხადეთ ენმ-ს და მეტწილად მათი ხმებით მოპოვებული მანდატებით მათ გარეშე შესვლა და მუშაობა გამოვრიცხეთ).

სწორედ ამ ტიპის ქმედებებით გამოიმუშავა ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მთავარი ქვეშევრდომის სტატუსი. ბიძინამ კი დაარქვა მას პარტიის თავმჯდომარე.

ქართული ოცნებისთვის მძიმეა ოპოზიციის გარეშე პარლამენტში საქმიანობა. მას არც წამყვანი ოპოზიციური გაერთიანება (27 %- იანი სოლიდური მაჩვენებლით, 36 პროპორციული მანდატით) და არც მომდევნოები – რომელიმე სამპროცენტიანი, თითოეული 4 მანდატიანი პარტიის მიმხრობა მოუხერხდა.

გირჩმა ხმები მეტწილად მისი ლიდერის – ზურაბ ჯაფარიძის წყალობით მიიღო, რომელიც აღარაა პარტიაში. ამომრჩევლისთვის მისი ტოლფასი არა მგონია ჯერჯერობით იყოს საპარლამენტო პარტია გირჩში დარჩენილი სამი მანდატიანი ადამიანი, რომლებიც პარლამენტში შესვლის პირობად აყენებენ ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემის ინიცირებას პირველივე საპარლამენტო არჩევნებისთვისაც და მუდმივადაც.

“მოქალაქეთა” პროცენტიც ძალიან მოკრძალებულია – 1.3%. სატელიტი ირმას ჩანაცვლება სატელიტი ფრიდონით არცაა სახსენებელი.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ნამდვილად ვერავის არწმუნებს შინ და გარეთ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია პარლამეტში შევიდა და კრიზისი ამოიწურა.

საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის არყოფნა მძიმე დარტმაა ხელისუფლებაზე.

სახელმწიფოებრიობის, ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პროცესი არის წამოსაწყები. ყველაფერი ან არაფერი არ არის კვალიფიციური პოლიტიკა. “ვადამდელი მინდა და თუ არ გამომივიდა, არ ვიცი რას ვიზამ. ეს ხელისუფლება არჩევნებით არ წავა და მსგავსი გაცვეთილი ” სიმართლეები” კარგა ხანია, მოსაწყენია, მცდარია, დადასტურებულია, რომ ტყუილია და მდარეცაა. სირცხვილია ამ კლიშეს ტყვეობაში ჩარჩენა.

“ძირს ლიტვის გზა” დამარცხდა 30 წლის წინ (ახალგაზრდებისთვის – 1990-ში ქართველი “რადიკალები – გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და ბევრი სხვა, ეროვნული მოძრაობის მართლაც დამსახურებული, თვალსაჩინო ფიგურები შეცდნენ მაშინ) საბჭოთა კანონებით ჩატარებული უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვების ბალტიურ გზას გმობდნენ. არადა, სამივე ბალტიური სახელმწიფო ამ გზით გათავისუფლდა და დღეს ნატოსა და ევროკავშირში დაცული და წარმატებული ქვეყნებია.

1990 წ. ზვიად გამსახურდიაც ამ ბალტიურ გზას დაადგა და გაიმარჯვა არჩევნებში, მანამდე კო სწორედ პროპორციული კომპონენტი (შემადგენლობის ნახევარი)გამოღლიტა კომუნისტებს სწორედ აქციებით. საქართველომაც ასე, “საბჭოთა” კლიშეთი გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მიიღო აღიარება.

ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი პრობლემებიდან სხვაზე ადრე შესაძლებელიცაა და საჭიროც ბუნებრივი ან დაბალი ბარიერით პროპორციული სისტემის ინიცირება.

ეს კი არ ჩაანაცვლებს ბოიკოტს, არამედ გააძლიერებს მიზნის მისაღწევად ამ ინსტრუმენტის ეფექტურობას.

2021-ში ვადამდელ არჩევნებს ან მივაღწევთ, ან ვერა. ეს რეალობაა. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მივაღწიოთ. შანსი ძალიან მაღალი არ მგონია.

ამასთანავე, არსებული 120/30 შერეული სისტემით გაყალბების შესაძლებლობა გაცილებით მეტი რჩება ხელისუფლებას, ვიდრე უბარიერო  (ან დაბალბარიერიანი) პროპორციული საარჩევნო სისტემით. ინიცირება რომ წამოიწყოს 76 ხმით ოცნებამ და პარლამენტში მყოფმა (და შესვლის მოსურნე) რამდენიმე ოპოზიციონერმა, ივლისის ბოლომდე პროცედურებით იგი ვერ მიიღება. ერთთვიანი განხილვა უნდა კანონით, მერე სამი კენჭისყრა ორ სესიაზე.

თუ ზეწოლა გაზაფხულზე შედეგიანი აღმოჩნდება და ვადამდელ არჩევნებს გამოვღლეტთ ხელისუფლებას (წელს ან გაისად), მაშინ პროპორციული სისტემა ბუნებრივი (ან დაბალი) ბარიერით კიდევ უფრო რეალისტურია, რომ გამოვღლიტოთ. ეს ხომ აქსიომაა. და ერთს კი არა, ორივე ამოცანას გადავჭრით.

თუ წელს ვადამდელს ვერ ვაღწევთ (ბევრჯერ ვერ მიგვიღწევია მასობრივი პროტესტით შედეგისთვის, ზოგჯერ მიგვიღწევია… პოლიტიკური პროცესია, სხვადასხვა ალბათობა არსებობს. თავისთავად ხანგრძლივი მასობრივი პროტესტი, დაუმორჩილებლობაც არაა მოცემულობა/აუცილებლობა – ესეც გარკვეული ალბათობაა. ესეც აქსიომაა), ამის გამო რატომ უნდა ვთქვათ უარი გატანის მეტი ალბათობის მქონე პროპორციულ სისტემაზე? სადაა ლოგიკა?

რამდენჯერ მოვისმინეთ ამ წლებში სხვადასხვა ხელისუფლების ოპონენტებისგან, რომ ახლავე თუ არ მოვიშორეთ მტარვალი ხელისუფლება, საქართველო დამთავრდება? ბევრჯერ ძალიან!!!

მგონი, არ ღირს ჩამოთვლა წლების და პერსონების, ჭკვიანების და არცთუ მთლად ჭკვიანების, წარმატებულების თუ ხელმოცარულების.
საქართველო ასე ერთჯერადად არც მთავრდება და არც იბადება! ამ ელემენტარული ჭეშმარიტების გათავისებას ისტორიკოსობა ნამდვილად არ სჭირდება.

ხელისუფლების ცვლილებით თუ შეუცვლელობით ქვეყანა ვერც გაბრწყინდება და არც განადგურდება საბოლოოდ… სტაგნაცია იქნება.
უკეთესი ან უარესი ტენდენციები იქნება… განვითარების ვექტორი, თავისუფლების განცდა და დამკვიდრება შეუძლია უკეთეს, კოალიციურ ხელისუფლებას. შედეგებს წლების მერე მივიღებთ, ახლავე კი არა.

ნატოში შეიძლება შევიდეთ რამდენიმე წელიწადში, ევროკავშირისკენ გზა გაცილებით გრძელია. მაგრამ სტაბილურად თუ ვივლით დასავლეთისკენ, ჩვენც შევდგებით, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. ესტონეთიდან სლოვენიამდე თავისუფლებისკენ სვლაა, ნატოსა და ევროკავშირისკენ და უკვე იქაა პოსტტოტალიტარული ქვეყნების დიდი უმრავლესობა.

ქართული პოლიტიკა ისაა, რაცაა. პროტოპოლიტიკური ელიტაა და ვარსკვლავებს არ ვწყვეტთ არც ერთი, არც დიდი და არც მცირე პარტია. ქვეყნის მომავალს შემოეშველა სამოქალაქო აქტივისტების უმნიშვნელოვანესი მოძრაობა – პოლიტიკისგან დამოუკიდებლად შეიქმნა, სიახლეა, თანამედროვეობაა.

არ გადის არცერთ პერსონაზე საქართველოს წარმატება! არც ერთზე! არც ერთ პარტიაზეც არ გადის! მრავალპარტიულობაზე გადის, კოალიციებზე გადის. მომავლის კენჭისყრაზე გადის!

სანამ გვექნება მაღალი, 5 %- იანი ბარიერი, გვექნება ორპოლუსიანობა. აქამდეც ასე იყო. არ მემეტება ქვეყანა ოცნების ხელისუფლობისა და ენმ-ს ოპოზიციონერობისთვის კიდე კარგა ხანს! არადა, ასე იქნება 2024- შიც კი, მაღალი ალბათობით, თუ არსებული 5%- იანი უბლოკო საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება. 2020- შიც ასე იქნებოდა, 5%- იანი ბარიერი რომ ყოფილიყო… გაყალბება კი არ დასჭირდებოდათ, 41 პროცენტი ეყოფოდათ.

ბიძინა სულ იხეირებს მიშას ერთადერთობით და განუმეორებლობით… თუნდაც მიშა არც ჩანდეს, ოცნება მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე ენმ! ეს ხომ ვიცით!!! ასე ხომ იყო რეალურად 2020- შიც. 25% პატარა პარტიების იყო 2020-ში. კიდევ უფრო მეტი იქნება თვითმმართველობაზე თბილისში. 22% აქვს 2020-ში ნაცბლოკს და 58% მთლიანად ოპოზიციას!. ჰოდა, პირველივე არჩევნებში, გამოჩნდება ეს.

ენმ არის ფლაგმანი და ინიციატორი ბოიკოტის, დაუმორჩილებლობის, მასშტაბური აქციების დამაანონსებელია.

არ ველოდები, რომ ენმ-ს, მიშა სააკაშვილის და/ან ნიკა მელიას უპირობო ლიდერობისთვის იზრუნებენ პატარა პარტიები ამ შემოდგომაზე. მით უმეტეს, რომ თბილისში მშვენიერი (უკეთესი, ვიდრე ენმ-ს) სასტარტო პირობები აქვთ. შესაძლოა, საერთოოპოზიციური შედეგისთვის სწორედ ნაცური და არანაცური, ორი თანაზომადი ოპოზიციის კონკურენცია/პარტნიორობა მივიღოთ… კონკურენცია პირველ ტურში, პარტნიორობა მეორე ტურში.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ალეკო ელისაშვილმა გაასწრო ენმ-ს კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს თბილისის მერობაზე 2017-ში. არც ახლა აქვს გარანტირებული ენმ-ს კანდიდატს მეორე ტურში გასვლა თბილისის მერობაზე.

გაძლიერდება არანაცური ოპოზიცია. და გულწრფელად ვიტყვი, მე უფრო ვგულშემატკივრებ ნაცმოძრაობას გაზაფხულზე მოლოდინზე ნაკლები წარმატების შემთხვევაში, ვიდრე ბევრი “ხმალამოღებული”, “ულტრაშეურიგებელი”პოლიტიკოსი. შევამოწმოთ ეს რამდენიმე თვეში.

მივუბრუნდეთ ბუნებრივ ბარიერიანი პროპორციულობის შანსს.
გირჩი 4 მანდატით აპირებს პარლამენტში შესვლას არაერთჯერადად. იქ დარჩენას და მუშაობას აპირებენ, თუ ისინი დაითანხმებენ ხელისუფლებას, რომ დაარეგისტრირონ ბუნებრივი ან დაბალბარიერიანი პროპორციული სისტემა.

სრულიად გაუგებარი იქნება და ყალბი, თუ გირჩი ამ პირობის დაკმაყოფილების გარეშე გაპარლამენტდება. მათ უკან დასახევი გზა ჩაიხერგეს – ან რჩებიან ოპოზიციურ ერთობაში და მიღწეული შედეგით (დარეგისტრირებული პროპორციულით) შედიან პარლამენტში, ან გამოუვათ ტყუილი და ფლიდობა. შესაბამისი იქნება რეაქციაც.

რესპუბლიკელებმა არ ვიკადრეთ გირჩის და მოქალაქეების წინასწარ გაყიდულებად, მოსყიდულებად, მოღალატეებად და ა.შ. მოხსენიება. დავაკვირდი და არც ნიკა მელიამ – არ მახსენდება ალეკო ელისაშვილის კრიტიკაც კი მისგან, არათუ ლანძღვა. სხვა საქმეა, რომ ძალიან ცუდი იყო ალეკოს ტექსტი მამუკა ხაზარაძეზე.

გირჩი ტესტის ჩაბარების სტადიაშია. ვნახოთ. ალეკოც და ლევანიც დაბალი ბარიერისთვის კი იზრუნებენ, თუმცა მათ ამ პირობის გარეშე ჩათვალეს დეპუტატობა შესაძლებლად, შესაბამისად, მათი ძალა ნაკლებია.

დავძლიოთ კლიშეები. მივმართავ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს და დეპუტატის სტატუსის მქონე ადამიანებს. მთავარი ხომ შედეგია. რაც მეტი ზეწოლა იქნება პოლიტიკური ოპოზიციიდან ვადამდელთან ერთად დაბალბარიერიან პროპორციულზე, მით მეტია დასავლეთის ამ საკითხში გაამხანაგების შანსი. არ გვეთანხმებიან ბოიკოტზე, მაგრამ შესაძლოა, გავიამხანაგოთ სისტემაზე… არ შევიდეთ პარლამენტში, არ მოვხსნათ ბოიკოტი!

ხომ წავედით კომპრომისზე 120/30-ზე? გიორგი რურუას ციხეში სამარცხვინოდ ჩატოვების მიუხედავად, ხომ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეოა? სწორადაც მოვიქეცით.

პოლიტიკა გაუაზრებელი კომპრომისები ხომ არაა, პოლიტიკური ინტელექტის ასპარეზია. წამოვიკიდოთ ოცნების პოლიტსაბჭოდან გამოსული მდინარაძე და ბიძინას ხელისუფლება, რომ წამოცდენა ძმრად ვადინოთ. ხომ დარწმუნდა ყველა, იმავე საღამოს ოცნებამ რომ სიტყვა უკან წაიღო, არ ყოფილან რესპები ფარულ გარიგებაში ქოცებთან (ისე, იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც ეს დაუშვა).

ნებისმიერი პარტიის გაცხადებული თუ ბოლომდე არგაცხადებული პოლიტიკური დღის წესრიგი იმსახურებს პატივისცემას. ამასთანავე, “ერთი მისხალითაც არ შევცვლი ოდნავ მოძველებულ დღის წესრიგს”, არ მიმჩნია კვალიფიციურ მიდგომად. შევავსოთ ვადამდელის მოთხოვნა პროპორციულის მიღწევის მცდელობით.

2003-ის შემოდგომაზე, ნოემბრამდე და ნოემბრის მერე მით უმეტეს, მიშა სააკაშვილი და მე შევთანხმდით, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ურთულესი რამდენიმე საფრთხიდან და პრობლემიდან ყველაზე სწრაფად და წარმატების მაღალი ალბათობით შესაძლებელია ასლან აბაშიძის საფრთხის მოხსნა და პრობლემის დაძლევა. ამ ჩვენი შეთანხმების ფარგლებში და შედეგად ვაწარმოებდი საარჩევნო-პოლიტიკურ კამპანიას აჭარაში სლოგანით: ბათუმი აბაშიძის გარეშე.

ეს იყო მეორე პოლიტიკური ფრონტის გახსნა, დემოკრატიული შტურმი.

23 ნოემბრის შემდეგ ჩემი და ჯემალ ინაიშვილის ინიციატივით შევქმენით მძლავრი რეგიონული ორგანიზაცია ” ჩვენი აჭარა”. ნაცების და რესპების ამ ერთობლივმა პროექტმა, მიშას პრინციპულობამ, გამჭრიახობამ მოუღო კიდეც ბოლო ასლან აბაშიძის რუსულ რეჟიმს ჩოლოქს გაღმა. სწორედ ეს მიმაჩნია სააკაშვილის პირველ მნიშვნელოვან დამსახურებად – 2008 წ. აგვისტოს რომ აბაშიძის თუნდაც სანახევრო რეჟიმით შეხვედროდა აჭარა (ზურა ჟვანიას პროექტი ამდაგვარი იყო), ჩოლოქზე რუსის ჯარს და დროშას არ დაგვამადლიდა პუტინის რეჟიმი.

ახლაც მგონია, რომ ხელისუფლებაზე დემოკრატიული შტურმის დროა ამ ფრონტზე, შეტევაზე გადასვლის დროა პროპორციულის მისაღწევად.
თითოეულ მანდატიან პოლიტიკოსს ექნება თავად გადასაწყვეტი, მომავლის კენჭისყრისას როგორ მოიქცეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოცნება გაბედავს და დაარეგისტრირებს, საკმარისზე მეტი ოპოზიციონერი მისცემს ხმას ….არ იმუშავებს აკრძალვები.

2015-ში რესპუბლიკელებმა ვერ დავითანხმეთ ბიძინა, რომ 2016-ში უკვე პროპორციული შემოგვეტანა. 2020-დან კიო, დავარეგისტრირეთ ინიციატივა, ენმ-მ მხარი არ დაგვიჭირა, შორსაა, მანამდე საქართველო ვერ გაძლებსო. კვლავ იგივე შეცდომა არ მოგვივიდეს – მომდევნო მორიგ საპარლამენტო არჩევნებში უბლოკო პროპორციულით 5 %-იანი ბარიერით საკმაოდ მაღალი ალბათობით ისევ ქოცები უმრავლესობაში და ნაცები უმცირესობაში იქნება. ეს გვინდა? არ გვინდა…

სწორედ პატარა პარტიებისაა ჯამურად უკვე დღეს ოპოზიციური ხმების თითქმის ნახევარი ქვეყანაში და ორი მესამედი თითქმის თბილისში! 2/3… გავიაზროთ ეს თბილისის არჩევნების წინ… 38% არანაცური ოპოზიცია, 22% – ენმ (ბლოკით).

დაბოლოს, ქვეყანა მხოლოდ დიდი შერიგების გზით დამშვიდდება. ესპანეთში ფრანკისტებმა და ანტიფრანკისტებმა შერიგების მანკლუას პაქტი შეიმუშავეს და დაიცვეს ფრანკოს რეჟიმის დაძლევისას. წარმატებული გამოცდილებაა ძალიან. საქართველო ვერ იხეირებს პოლიტიკურად შუაზე გახერხილი…ასე ვართ 30 წელია.

და პროპორციული ბუნებრივი (დაბალი) ბარიერით არის უმნიშვნელოვანესი გზა შერიგებისკენ, პლურალიზმისკენ, თანამშრომლობისკენ, გაერთმთლიანებისკენ!

ესაა გზა ჯერ იძულებით, მერე კი ბუნებრივი სოლიდარობისკენ, ლიბერალური დემოკრატიისკენ, 21-ე საუკუნის ევროპული (ქართული) თავისუფლებისკენ.

სწორ ადგილას სწორი სიტყვები თქვა ზურაბ ჟვანიამ!