ჰუმანიტარულ საკითხებში თბილისთან დიალოგს მხარს ვუჭერთ – ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისსა და სოხუმს შორის ორმხრივი დიალოგის საჭიროებაზე დაწყებულ დისკუსიას ეხმაურება, რომელიც აფხაზი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ასლან ბჟანიას კომენტარს მოჰყვა.

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაკვირვებულები არიან ქართველი პოლიტიკოსების მზაობით, აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგი დაიწყონ.

„ჩვენი მხრივ, მხარს ვუჭერთ ორმხრივი მოლაპარაკებების განახლებას, რომელშიც წარიმართება დისკუსია აფხაზეთის იზოლაციაზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, გარემოსა და სხვა საკითხებზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჰუმანიტარულ კოოპერაციას“, – ნათქვამია აფხაზური უწყების განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ისინი მსგავსი დიალოგის წარმართვის შემთხვევაში არ განიხილავენ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის ცვლილებას.

სოხუმი მხარს უჭერს ჟენევის ფორმატს, რომელშიც პერიოდულად იმართება დისკუსიები, ხოლო სხვა ფორმატების შექმნასა და ურთიერთობის ნორმალიზებამდე  საჭიროდ მიაჩნია, თბილისსა და სოხუმს შორის ხელი მოეწეროს ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას.

ქართულ მხარესთან დიალოგის საჭიროებაზე ასლან ბჟანიას გარდა კიდევ ერთმა აფხაზმა პოლიტიკოსმა, სერგეი შამბამაც ისაუბრა.

აფხაზი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურნენ თბილისშიც და სოხუმთან პირდაპირ დიალოგს მხარი დაუჭირეს. „ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს და ნაბიჯებსაც ვდგამთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გაფართოებისაკენ. ეს აუცილებელია და, ვფიქრობ, ამის შესაბამისი ფორმებიც არსებობს“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.