სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
„სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და პილოტების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის“, – ნათქვამია „იმედის” განცხადებაში.
აეროსტატის ჩამოვარდნის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 275-ე მუხლით (საჰაერო მოწყობილობების უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო.
„პუბლიკა” უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.