ამილახვარი სასკოლო კვებაზე: შევქმენით პროგრამა, რომელიც შეისწავლის სკოლების შესაძლებლობებს

პუბლიკა

განათლებისა და და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც უფასო სასკოლო კვების დანერგვაზეც ისაუბრა.

ამილახვარის თქმით, „დამტკიცდა სასკოლო კვების პროგრამა, რომელიც მუნიციპალურ დონეზე განხორციელდება და დეტალურად შეისწავლის თითოეული სკოლის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს”.

ასევე, მინისტრი ამბობს, რომ დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, ხოლო საქართველო გაწევრიანდა სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში და განისაზღვრა ეროვნული ვალდებულებები.

„მე და ჩვენ არასდროს გავურბივართ, მათ შორის, მძიმე და მწვავე თემებზე საუბარს. საინტერესოა, რომ ჩვენს ოპონენტებს ბოლო ხანს გაახსენდათ მაინც და მაინც სასკოლო კვება. არადა, კარგად მოგეხსენებათ, მეგობრებო, მრავალი წელია გამოწვევა არის და ჩვენგან, სისტემისგან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. ამიტომ, პრემიერთან შეთანხმებით დავიწყეთ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა.

პირველი, რაც გავაკეთეთ, სამინისტროში სპეციალური პროგრამა შევქმენით, რომელიც ქალაქების, რაიონების დონეზე იწყებს თითოეული სკოლის შესწავლას, თუ რა შესაძლებლობებია იქ, რა სჭირდებათ და როდის შეძლებენ ისინი სასკოლო კვების პროცესში ჩართვას და ამ საკითხზე პასუხს. ეს ჩვენ ნათელ სურათს მოგვცემს უახლოეს მომავალში, თუ როდის, რა კონცეფციით შეგვიძლია ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დაწყება.

მეორე, სკოლის ბუფეტებთან დაკავშირებული ბრძანება რამდენიმე წელია არ გადახედილა და განახლებულა. აქაც, მშობელთა ასოციაციის ფართო ჩართულობით, ჩვენს დარგობრივ სამინისტროებთან ერთად კოორდინაციით, მივიღეთ დოკუმენტი, სადაც ის სტანდარტები დავამკვიდრეთ, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკით არის აპრობირებული.

და მესამე, ჩვენ ვწევრიანდებით საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს არის სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიცია, სადაც პრაქტიკულად, ჩვენ გავხდებით იმ ქვეყნებთან ერთად მონაწილე, რომლებიც ჩართულია სასკოლო კვებაში და რითაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას მივიღებთ“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


განათლების მინისტრმა 19 მაისს საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, რომ სამინისტრო „ინტენსიურად“ მუშაობს და არსებობს „პოლიტიკური ნებაც“, მაგრამ პროგრამის დანერგვას ინფრასტრუქტურის, სურსათის უვნებლობის საკითხისა და ბიზნესოპერატორების ქსელის განვითარების გარეშე ვერ დაიწყებენ.

მოძრაობა „ხმა“ ორ წელზე მეტია უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას მოითხოვს, თუმცა, სამინისტროს ამ არგუმენტის საპასუხოდ, ამბობენ, რომ მთავრობა ისევ სხვადასხვა საბაბს იმიზეზებს, რომ საყოველთაო უფასო კვების დაწყება გადადოს, ამ მიზეზებს შორისაა, სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა.

მოძრაიბის თქმით, მოსაზრება, რომ უფასო სასკოლო კვება ინფრასტრუქტურის განახლებამდე არ უნდა დაიწყოს, სასკოლო კვების არდაწყების საბაბია. მათი თქმით, შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება.

  • სკოლებში, სადაც არსებობს ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საკვები უნდა დამზადდეს  ადგილზე;
  • სკოლებში, სადაც არ არის ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უნდა მივიდეს გამზადებული საკვები ე.წ. სადილის ყუთის სახით.

როგორ არის შესაძლებელი უფასო სასკოლო კვების 2024 წელს დაწყება, ვის უნდა შეეხოს და როგორ უნდა იქნას გამოყენებული უფასო სასკოლო კვება არა მხოლოდ მოსწავლეების შიმშილისგან დაცვისთვის, არამედ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის – ამ საკითხებთან დაკავშირებით მოძრაობა „ხმამ“ ხედვა წარმოადგინა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.