IAEA-ს წარმომადგენლები ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურში 3 სექტემბრამდე დარჩებიან

პუბლიკა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა (IAEA) გუშინ ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური დაათვალიერეს. მისიის სადგურში მისვლას წინ უძღვოღა ენერჰოდარისა და ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვა, რაშიც კიევი რუსეთს ადანაშაულებს. უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მისიის გადაადგილებისას დაიწყო სროლებიც, რამაც მათი გადაადგილება შეაფერხა. რუსულმა მხარემ კი IAEA-ს ჯგუფი სადგურში შეშვებამდე შეაყოვნა.

ამის მიუხედავად, IAEA-ს ჯგუფი ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს მაინც ეწვია და მისიის ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, მათ რამდენიმე საათში მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებაც მოახერხეს.

მოგვიანებით, მისიის ხელმძღვანელმა ჯგუფის ნაწილთან ერთად სადგური დატოვა, მაგრამ გროსის თქმით, მისიის წევრთა ნაწილი ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურში დარჩა და იქ მუშაობას 3 სექტემბრამდე განაგრძობს. შემდეგ IAEA განიხილავს იქ მისიის მუდმივი ყოფნის საკითხს.