იაფფასიან სარეცხ ფხვნილს „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით ყიდდნენ – საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის იმპორტს, საქონლის რეალიზაციის გაადვილებისა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახდენდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 10-კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული 1 386 ერთეული, „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები. აღნიშნული კატეგორიის დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.