„იაფი მედიკამენტების“ პროგრამა - ამომრჩევლის მოსყიდვა თუ მედიკამენტები საბაზრო ფასად

პუბლიკა

პარტია „თავისუფალი საქართველო“ „იაფი მედიკამენტების“ კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 30 აგვისტოს პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ ქობულეთში მოსახლეობას მედიკამენტები გადასცა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, კამპანია წინა წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყეს. მისი თქმით, ორგანიზაციას თურქეთიდან შემოაქვს ექსკლუზიური ფასით თურქული მედიკამენტები, რაც საქართველოს ბაზარზე არსებულ იმავე მედიკამენტების ფასზე სამი-ოთხჯერ იაფია. ჩამონათვალში 100 – 150 მედიკამენტია.

„რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ისარგებლა ამ სერვისით, ფართო გაშლა პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. რამდენიმე თურქულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. სექტემბერ-ოქტომბერში კამპანია გაგრძელდება, თუმცა მიმდინარეობს შეფერხებით, რადგან პანდემიის გამო საზღვარი ჩაკეტილია“, – უპასუხა „პუბლიკას“ კუკავამ კამპანიის შესახებ დასმულ კითხვაზე.

კითხვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში ეს აქტივობა შეიძლება თუ არა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად ჩაითვალოს? – გვიპასუხა, რომ, მისი აზრით, ეს ამომრჩევლის მოსყიდვა არაა.

„ეს არანარიად არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა ბევრი მიზეზების გამო და მთავარი მიზეზი არის ის, რომ კანონის მიხედვით ამომრჩევლის მოსყიდვაა როცა ამომრჩეველს საბაზრო ფასზე დაბალ ღირებულად ვთავაზობთ პროდუქტს. ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ამას საბაზრო ფასად, რეალურად ჩვენ კი არ ვაძლევთ მას რამეს ან ვჩუქნით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მედიკამენტი იყიდოს თურქეთში და არ იყოს იძულებული იყიდოს საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე. მოსყიდვა იქნებოდა თუ ჩვენ 5-ლარიან პროდუქტს მივცემდით 4 ან სამ ლარად ადამიანებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ 5-ლარიანი პროდუქტი მიიღოს 5 ლარად. თურქეთში არსებული საბაზრო ფასი არის საბაზრო ფასი საქართველოსთვისაც. პლიუს ის ხარჯები, რაც იმპორტთან არის დაკავშირებული“, – ამბობს კახა კუკავა „პუბლიკასთან“

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის შეფასებით, „იაფი მედიკამენტების“ პროგრამა საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით მოსყიდვად უნდა ჩაითვალოს.

„კანონის განმარტებით მიხედვით, პარტიას ეკრძალება ფულადი სახსრების გადაცემა, მატერიალური ნივთების გადაცემა, პროდუქტის გადაცემა, ასევე საბაზრო ფასზე ნაკლებად შეღავათიანი პირობებით რაიმეს მიყიდვა. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სწორედ შეღავათიან ფასად, საბაზრო ფასზე ნაკლებად მედიკამენტების მიყიდვას. ეს განმარტება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონშიცაა და საარჩევნო კოდექსშიც. თუ გაგრძელდება,  მივმართავთ შესაბამის ორგანოს, პროკურატურას, რომ დაიწყოს შესწავლა. ვნახავთ რამდენად საკმარისი მტკიცებულებები გვექნება, რომ სასამართლოშიც წავიდეთ“, – განუცხადა „პუბლიკას“ „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა ნინო რიჟამაძემ.

მისი თქმით, დარღვევის დადგენის შემთხვევაში შესაძლოა სუბიექტი რეგისტრაციიდან მოიხსნას.