იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ყოფილი თანაგუნდელის, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება.

იაგო ხვიჩიას ჰკითხეს, როგორ ახსნის – „თუ ადამიანს არ უნდა პარლამენტის წევრობა, ძალით ფიქრობთ, რომ ჩატოვოთ ის პარლამენტში ან ეს საკითხი ძალად დაატოვებინოთ „ოცნებას“ ღია?“

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ სხვანაირად უყურებს „ამ ამბავს“. მისი თქმით, არ ჰგონია, რომ ვინმეს ამძიმებს პარლამენტის წევრის სტატუსი ფურცელზე.

„მე არ მგონია, რომ ეს ასეთი მძიმე ტვირთი იყოს, რომლის ტარება ისე ძნელია, მაგის სანაცვლოდ თუ რამე აქეთ დგას, რომ იქნებ ქვეყანა არ დაგვექცეს თავზე, ეგ ფეხებზე დავიკიდოთ.

შესაბამისად, ჩვენი განცხადება და თხოვნაც, იმიტომ, რომ თხოვნა სწორი ფორმაა, როდესაც მეორე მხარეს რაღაცის უფლება აქვს და შეუძლია, როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს, თუ გინდა, მიზანს მიაღწიო, ასეთ დროს სწორი ფორმა ის არის, რაც გამოვიყენეთ.

მიგვაჩნია, რომ ვართ მოლაპარაკების პროცესში, პოლიტიკურ კრიზისში, საიდანაც ყველანი ველოდებით გამოსავალს, ძირითადად, ფასილიტატორების დახმარებით.

მე არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მინახავს, რომელიც ამბობდა, რომ არ გვინდა მოლაპარაკება, შეუძლებელია, ავაყირავოთ მაგიდა, ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა და  შევუბეროთ რევოლუციისკენ. ასეთი არავინ არ გამოჩენილა“, – განაცხადა ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში.

იაგო ხვიჩიას თქმით, მან საჯარო განცხადების გარდა, პირადადაც სთხოვა „ოცნების“ წევრებს, არ ჩაეხსნათ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატები.

წამყვანმა ხვიჩიას ჰკითხა, ხვალ თუ „ოცნება“ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ გააუქმოს მანდატები, ხომ არ გაამართლებენ ამას იმით, რომ იაგო ხვიჩიასგან მსგავსი თხოვნა მიიღეს.

„ჩემი აზრით, მაგით არ უნდა გაამართლონ. უნდა გაამართლონ, როგორც მე ვხედავ პრობლემას ქვეყანაში და როგორც მე ვხედავ მისი აღმოფხვრის გზას, „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა დაინახოს ეს.

ჩვენ, ფაქტობრივად, ახლახან დავიწყეთ საჯარო საუბარი ამ პრობლემის შესახებ. ვისაც უნდა ჩაუხსნან მანდატი, იმ პარლამენტართა 80-90% საერთოდ არ ჩანს. ისე კარგავენ პარლამენტის წევრის სტატუსს, ხმა არ ამოუღიათ. ჩემი აზრით, ძალიან რაციონალურია, გაგიჩნდეს ეჭვი, რამე ისეთ პრობლემას არ ჰქონდეს ადგილი, რომლის გამოსწორებაც მერე არ შეგვიძლია. ახლა ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ყველას უნდა მოვუსმინოთ, მათ შორის საჯარო სივრცეში და მოსახლეობას გავაგებინოთ, რა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და რა მოხდება იმ შემთხვევაში ქვეყანაში, თუ ჩვენ ავაყირავებთ მაგიდას და სააკაშვილის წინამძღოლობით შევუდგებით რევოლუციურ სცენარს…თუ [სცენარი რევოლუციური] არ არის, სიბრიყვეა“ , – თქვა ხვიჩიამ.

მოგვიანებით წამყვანი ისევ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას მიუბრუნდა და მოიყვანა ციტატა: „სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი.“

საპასუხოდ ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას ჰგონია, ზურაბ ჯაფარიძის ეს განცხადება არ არის სერიოზული.

„მე მგონია, არ არის ზურაბ ჯაფარიძის ეს განცხადება სერიოზული და იმ სერიოზულ პროცესს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, არ უხდება. უბრალოდ,  მე ამის იქით არ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს. ზურა ჯაფარიძისა და ჩვენი ურთიერთობა, არ მაძლევს საშუალებას, ახლა დავჯდე და…

[არასერიოზულია] თვითონ ასეთი დამოკიდებულება, რომ მთავარი კრიტიკა „გირჩის“ იყოს ის, რომ მას ეზღუდება თავისუფლება და არა მართლა არსებითი საკითხები, სადაც, შეიძლება, გამაკრიტიკოს ვინმემ, რის გამოც ამას ვაკეთებ…“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წამყვანმა „გირჩის“ თავმჯდომარეს შეკითხვა დაუზუსტა: „თქვენ თავისუფლების აპოლოგეტი იყავით, ლამის წესებსა და შეზღუდვებზე დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდით და ამხელა ზრდასრული ადამიანები პარლამენტს მიმართავენ, რომ გაგვიუქმეთ, არ გვინდა…თქვენ რომ სთხოვთ „ოცნებას“ არ გაუუქმოთო, ეს არ არის, თქვენი, თავისუფლების აპოლოგეტის მხრიდან იმათი თავისუფლების შეზღუდვა?“

„რა თავისუფლება იზღუდება?  მე კი მაბრალებენ, რომ რაღაცა იდეოლოგიური ჩარჩოებიდან ვუყურებ სამყაროს, მაგრამ მე ზოგადად ასე არ მგონია… მე ჩარჩოებს ბევრგან ვარღვევ. მე ჩემი მიზანი მაქვს, ამის პროპორციული ხომ უნდა იყოს კონტრარგუმენტი?  ჩემი მიზანია, რომ პოლიტიკური კრიზისი ავირიდო თავიდან. ამაზე არგუმენტს მეუბნებიან, რომ „ჩემი თავისუფლება ირღვევაო, იმიტომ, რომ მე მინდა, არ ვიყო პარლამენტის წევრი“, ჰოდა ნებისმიერი პროპორციულობის ტესტით შეხედეთ ჩემი გადმოსახედიდან; მე ხომ მართლა ჩაციკლული არ ვარ რაღაცაზე. სრულიად ადეკვატური ადამიანი ვარ, პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, გამოსავალი იპოვოს და როდესაც რაღაც კაზუისტიკურად მელაპარაკებიან, საერთოდ ამის შინაარსი არ მესმის და მგონია, რომ ხუმრობენ“, – განაცხადა ხვიჩიამ შეკითხვის საპასუხოდ.

იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ 51 დეპუტატიდან იმ დეპუტატების ნება არ არის თავისუფალი, რომლებიც საჯაროდ არ გამოსულან და არ უთქვამთ არგუმენტი, რატომ არ სურთ პარლამენტის წევრობა.

„ამ 51 კაცის გადარჩენის კამპანია გაქვთ?“, – ჰკითხა წამყვანმა ხვიჩიას.

„კი, წარმოიდგინეთ, მე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მივმართო: შეხედეთ, წარმოიდგინეთ თავი ასეთ ცუდ მდგომარეობაში, როდესაც რაღაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ლაპარაკობთ იმას, რომ არ ეთანხმებით.. შეუძლებელია, ახლა ყველა ადამიანი ეთანხმებოდეს რაღაც სიგიჟეს, რომელზე ლაპარაკისგანაც საჯარო სივრცეში მათი პარტიების ხელმძღვანელები უარს აცხადებენ და მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები არ აქვთ, რომ აგებენ ფასილიტატორებთან მოლაპარაკებას, ასე მოუწოდებენ თავიანთ გუნდს, არა შეთანხმებისკენ… როგორ დავიჯერო, რომ იმათ ნებაზე ვიღაც არ ზემოქმედებს.. უნდა შევიდნენ ან სხვა გზა უთხრან მოსახლეობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


„მართლა რა დედა&₾@)(:₾ი რამეა ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა“, – ასე გამოეხმაურა ზურა ჯაფარიძე პარტია „გირჩის“ დღევანდელ განცხადებას, რომელშიც პარტიის წევრები სთხოვენ „ქართულ ოცნების“ დეპუტატებს, 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე არ დააკმაყოფილოს ოპოზიციის წევრი დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნა.

„ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, &₾ეზე დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე რა დროს ჩემი თავისუფლებაა, „ქართული პარლამენტარიზმია” გადასარჩენი სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი“, – წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.