იაგო ხვიჩიამ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა

პუბლიკა

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„მაინტერესებდა პრეზიდენტის აზრი, როგორ უყურებდა ჩვენს ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს ცოტა ხნის წინ შევთავაზეთ და რომელზედაც მისი თანაგუნდელების ნახევარმა „ქართულ ოცნებასთან“ შეკრულობა დაგვაბრალეს. პრეზიდენტს ესმის, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, ერთადერი გზა არის დეპოლარიზაციის მისაღწევად, იმიტომ, რომ რაც ვუთხარი, მე ვერ წარმომიდგენია, თქვენ ციხეში იჯდეთ და შესრულდეს მოთხოვნა, რაც ევროპელებს აქვთ, ამასთან დაკავშირებით მეთანხმებოდა.

ზოგადად, მგონია, თანაგუნდელებისთვის რომ იყოს გზავნილი, მას არ აქვს ეჭვები და კითხვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ და მათი მოგზავნილი ვართ. შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად და ამ გეგმის ერთი ნაწილი უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა პირდაპირ უშლის ხელს ევროინტეგრაციას და მოუწოდა ენმ-ს, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოითხოვონ და სანაცვლოდ რაღაცების დათმობა შესთავაზონ ხელისუფლებას.

ხვიჩიას განცხადებით, სააკაშვილს ნაკლებად აინტერესებს ქართული პოლიტიკა და მეტად, ევროინტეგრაცია და უკრაინაში არსებული ვითარება.

„თვითონ თქვა, რომ მას ქართული პოლიტიკა ამ წუთას ნაკლებად აინტერესებს, აინტერესებს ევროინტეგრაციის ნაწილი. ახლა უფრო დაინტერესებულია უკრაინული პოლიტიკით, რადგან ახლა იქ არის მთავარი გამოწვევები. ძალიან წყდება გული, რომ ქვეყანას, სადაც თუ არ ვცდები, 18 წელი ცხოვრობდა, ეს ციფრი მითხრა, ახლა ვერაფრით ეხმარება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„გირჩის“ ლიდერის თქმით, სააკაშვილი საუბრის დროს იყო ადეკვატური.

„არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია დასაბრუნებელი. ჩემთვის უფრო საინტერესო იყო, ემუქრება თუ არა რეალური საფრთხე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ექიმი არ ვარ, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მისი ჯანმრთელობა იდეალური რომ არ არის, მგონი, ყველასთვის გასაგებია. ჯანმრთელობის სიღრმეს და სიმძიმეს ვერ შევაფასებ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი საუბრის დროს იყო ადეკვატური“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.