იაგო ხვიჩიას თქმით, მზადაა პაატა მანჯგალაძეს თავდებში ჩაუდგეს

პუბლიკა

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია წერს, რომ მზადაა დაკავებულ პოლიტიკოსს, პაატა მანჯგალაძეს თავდებში ჩაუდგეს. მისი თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტის ყველა წევრმა, ვინც მანჯგალაძეს იცნობს, იცის, რომ ის რევლოუციასთან არაფერ შუაში არაა და „ტყუილად გაიშარა“.

ხვიჩია ამ საქმეში მხარდაჭერას სთხოვს სახალხო დამცველსაც:

„ჩემი აზრით, მეათე მოწვევის პარლამენტის ყველა წევრმა, ვინც მას იცნობს, იცის, რომ პაატა მანჯგალაძე არაფერ შუაში არაა რევოლუციასთან და ტყუილად გაიშარა.
ეს იმდენად აშკარა და ცხადი უსამართლობაა, რომ არ შეიძლება პაატა ამ სისულელის გამო სისხლის სამართლის წესით იჯდეს ციხეში.

მე ვფიქრობ, რომ ის უნდა გამოუშვან დაუყონებლივ და შემიძლია პირადად ჩავუდგე თავდებში, როგორც ადამიანს და კოლეგას, რომელსაც ვიცნობ და მჯერა, რომ არანაირ რევოლუციას ის არ აწყობდა და აბსოლუტურად ტყუილად გაშარეს.

ჩემს მეგობარს, ლევან იოსელიანსაც მინდა ვთხოვო მხარდაჭერა ამ საქმეში, რადგან მჯერა რომ ისიც ჩემნაირად იცნობს პაატას და მასაც ისევენაირად აბსურდულად მიაჩნია მისი რევოლუციონერობა, როგორც მე. (შემეძლო პირადად მეთქვა ლევანისთვის ეს, მაგრამ საჯარო პროცესია და მინდა საჯაროდ დავიწყო ლაპარაკი ამაზე)
ამ პოსტით მე არ ვამტკიცებ, რომ პაატას გარდა ყველა ვინც დაკავებულია დამნაშავეა, მაგრამ პაატას რევოლუციონერობა იმხელა აბსურდია, რომ ამაზე თვალის დახუჭვა ტეხავს იმ ხალხისაგან, ვინც მას ვიცნობთ“, – წერს იაგო ხვიჩია.

„4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ დაკავებულ წევრებს – პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ არ არსებობს მანჯგალაძისთვის ბრალდების წარდგენის არანაირი საფუძველი. ის ამბობს, რომ „არ არსებობს არანაირი მოწოდება რაიმე ტიპის ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისკენ, მით უმეტეს, არ არსებობს რაიმე ფაქტი ამ მოქმედების ხელმძღვანელობისა პაატა მანჯგალაძის მხრიდან“.