დედაქალაქის მერი და მომავალ არჩევნებში მერობის კანდიდატი კახა კალაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სახელმწიფო მოხელეების ხელფასის მატებასთან დაკავშირებით.
კალაძის თქმით, მერიას პანდემიამდე ჰქონდა ხელფასის ზრდის გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა არსებულმა რეალობამ გეგმები და პროექტების შესრულების პროგრამა რადიკალურად შეცვალა.
მერის თქმით, კარგი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, მომავალი წლის იანვრიდან შესაძლებელი იქნება ხელფასის მატება.
„ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორში არსებულ განაკვეთებს. ამ ორი მაჩვენებლის ერთმანეთთან ბმა უნდა მოხდეს, ხელფასის მატებას მუდმივი ხასიათი უნდა ჰქონდეს და ისე არ უნდა მოხდეს, როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ხელფასების გადახედვა რომ არ მომხდარა, რაც ცუდია.
პრობლემაა, რომ საჯარო სექტორიდან კვალიფიციური, ძლიერი სექტორი გაედინება კერძო სექტორში, რადგან არსებული ხელფასი ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულების ხელფასი კერძო სექტორს დავუახლოვოთ“, – განაცხადა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა დაავალა მოადგილეებს, დაიწყონ მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან.