იაპონიაში უნივერსიტეტის დამამთავრებელ ღონისძიებაზე სტუდენტები რობოტებით ჩაანაცვლეს

იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების გამო უნივერსიტეტის დამამთავრებელი ღონისძიებები გაუქმდა, თუმცა ერთ-ერთი სასწავლებლის სტუდენტებმა ღონისძიება დისტანციურად, რობოტების გამოყენებით ჩაატარეს.

ტოკიოს ბიზნესის სკოლის რობოტები კურსდამთავრებულთათვის განკუთვნილ სამოსში იყვნენ გამოწყობილი, თავზე კი პლანშეტები ჰქონდათ მიმაგრებული. კურსდამთავრებულები სწორედ პლანშეტების საშუალებით დაესწრნენ ღონისძიებას.

რობოტები პოდიუმისკენ სათითაოდ მიემართებოდნენ დამსახურებული დიპლომის მისაღებად, უნივერსიტეტის თანამშრომლები კი მათ აპლოდისმენტებითა და შეძახილებით აცილებდნენ სცენიდან.

„ჩემი აზრით, ეს მართლაც ღირსშესანიშნავი გამოცდილებაა, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დიპლომს სახლში ყოფნის პარალერულად გადმომცემენ”, – განაცხადა უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა კაზუკი ტამურამ.

უნივერსიტეტში იმედოვნებენ, რომ მათ გამოცდილებას სხვა სკოლებიც გაიზიარებენ, ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

წყარო: Reuters