ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.
საპროცესო შეთანხმების პირობებია – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე პირობითი მსჯავრი და დამდატებით სასჯელად ჯარიმა.
ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სექტემბერში აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის სხდომაზე პროკურორი ამბობდა, რომ ბრალდებული გირაოს ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც, მან ახალი დანაშაული ჩაიდინა.
ზურაბ ზვიადაურს ბრალდებულის სტატუსი აქვს წლების წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზეც. კერძოდ კი, 2021 წლის 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა ხუთი პირი, მათ შორის სამი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური მკვლელობის, ერთი პირი – ჯაბა ჯანგირაშვილი კი, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ დამდგარა. ზვიადაურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, მათი შერჩევის პროცესი კი კვლავ მიმდინარეობს.