იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. კერძოდ: 4 ავტომატი, 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი და 360 საბრძოლო ვაზნა. ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი, 2 „გეკოს” ტიპის შაშხანა და სანადირო თოფი, “- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.