იაშვილის ბავშვთა საავადმყოფომ სტაციონარული პაციენტების მიღება გარკვეული პერიოდით შეაჩერა

პუბლიკა

დღეიდან იაშვილის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ სტაციონარულ პაციენტების მიღება გარკვეული დროით შეწყვიტა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, გადაწყვეტილება საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის გამო მიიღეს, რადგან რამდენიმე დეპარტამენტი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

ამასთან ჩხაიძე განმარტავს, რომ საავადმყოფოში შესული იყო რეგულირების სააგენტოც, რომლის დასკვნითაც, იქ დარღვეული იყო ინფექციის კონტროლი. მიმდინარე სამუშაოები კი სწორედ ამის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

„ღამის 12:00 საათიდან იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აღარ ახორციელებს. ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან.

რეგულირების სააგენტოს დასკვნისა და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით [მივიღეთ ეს გადაწყვეტილება], იაშვილის კლინიკის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც სჭირდება სამედიცინო სერვისს ქვეყანაში.

სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა მართლა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სტაციონარული სერვისის მიწოდებას, მანამდე პაციენტების მიღება იაშვილში იქნება შეჩერებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეკითხვის პასუხად, უკავშირდებოდა თუ არა პაციენტების მიღების შეჩერება რეგულირების სააგენტოს დასკვნას კლინიკაში ინფექციის კონტროლის დარღვევის შესახებ, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ინფექციის კონტროლი სწორედ მთავარი საკითხია.

„სარემონტო სამუშაოების უკან და ინფრასტრუქტურული პრობლემის უკან რეალურად დგას ინფექციის კონტროლი. რა თქმა უნდა, ინფექციის კონტროლია ჩვენთვის მთავარი საკითხი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ კუთხით არის მიღებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სტაციონარული პაციენტების მიღების შეჩერებაზე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფომ განცხადებაც გაავრცელა. საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, კლინიკაში ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება. დანარჩენი პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდება.

ასევე, მათი განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს შემოწმებისა და ხარვეზების გამოვლენის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოც. სააგენტოს დირექტორის ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, ხარვეზების გამოვლენის შემდეგ, კლინიკის ადმინისტრაციამ პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრის გადაწყვეტილება მიიღო. რის გამოც მოუწიათ მათ პაციენტების მიღების შეჩერება.

„გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ,
მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება.

შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება,
გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის
მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის
კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის
კლინიკებში“, – აცხადებს ლიანა ჭუმბურიძე.