სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიებას იწყებს – ამის შესახებ ICC-ის განცხადებაშია აღნიშნული.
12 მარტს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისმა, რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების მიმართვის საფუძველზე, ვენესუელა II-ისა და ლიეტუვა/ბელარუსის სიტუაციასთან დაკავშირებით, საქმეების წინასწარი შესწავლა დაასრულა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის თქმით, ლიეტუვა-ბელარუსთან დაკავშირებით, პროკურატურის ოფისმა დაიწყო გამოძიება, რადგან დაასკვნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმისთვის, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულები, ნაწილობრივ მაინც, ჩადენილია ლიეტუვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
„ლიეტუვამ ოფისს სთხოვა გამოეძიებინა სავარაუდო კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ბელარუსის რესპუბლიკაში, სახელმწიფოში, რომელიც არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, დანაშაულის ნაწილი ჩადენილია ლიეტუვის ტერიტორიაზე, რომელიც არის სასამართლოს წევრი სახელმწიფო” – ნათქვამია განცხადებაში
როგორც პროკურატურამ დაასკვნა, ბელარუსის ხელისუფლების მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულები „წახალისებული ან დამტკიცებული იყო ბელარუსის მთავრობის უმაღლეს დონეზე”.
„არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ იძულებითი ქმედებები, რომლებმაც გამოიწვია დეპორტაცია, წარმოადგენდა ქმედებათა კურსს ბელარუსის მთავრობის რეალური ან აღქმული ოპონენტების წინააღმდეგ და ხორციელდებოდა სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ან მისი განხორციელების მიზნით.
ასევე არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ეს დანაშაულები ჩადენილი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, მათი დიდი მასშტაბის, მსხვერპლთა რაოდენობისა და ქმედებების ორგანიზებული ხასიათის გათვალისწინებით.
გამოძიების ფარგლები მოიცავს ტრანსსასაზღვრო დანაშაულებს: ბელარუსში 2020 წლის 1 მაისიდან დღემდე მომხდარ ყველა წარსულ და მიმდინარე სავარაუდო დანაშაულს, სადაც დანაშაულის სულ მცირე ერთი ელემენტი ჩადენილია ლიეტუვის ტერიტორიაზე, იურისდიქციული ჩარჩოს შესაბამისად.
ამრიგად, ახალი გამოძიება მოიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, როგორიცაა დეპორტაცია და დევნა, დეპორტაციის გზით ნებისმიერი იდენტიფიცირებადი ჯგუფის ან კოლექტივის წინააღმდეგ პოლიტიკური საფუძვლებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილია ბელარუსის ხელისუფლების მიერ” – ნათქვამია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცახდებაში.
რაც შეეხება ვენესუელა II-ის სიტუაციას, პროკურატურამ დაადგინა, რომ არ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები, სულ მცირე 2014 წლიდან, ჩადენილია ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შედეგად. აქედან გამომდინარე, ICC-ის თქმით, არ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ვენესუელა II-ის სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
„2020 წლის 17 თებერვლიდან ოფისი ვენესუელის მთავრობის მიმართვის საფუძველზე, წინასწარ სწავლობდა მის [ვენესუელის] ტერიტორიაზე სავარაუდოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ.
ვენესუელის მთავრობა ამტკიცებდა, რომ აშშ-ის სანქციების შედეგად ჩადენილი იყო მკვლელობა, განადგურება, დეპორტაცია, დევნა და სხვა არაადამიანური ქმედებები, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს წარმოადგენს.
ოფისმა დაადგინა, ხელმისაწვდომი ინფორმაცია სისხლის სამართლის თვალსაზრისით არ აჩვენებს საკმარის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს სანქციებსა და სავარაუდო დანაშაულებს შორის, და ასევე არ ადასტურებს, რომ ისინი განხორციელდა აუცილებელი განზრახვით” – ნათქვამია განცხადებაში.
ICC-ის თქმით, პროკურატურამ გაითვალისწინა ყველა წარდგენილი შენიშვნა და მოსაზრება, რომლებიც გადაეცათ. რომის სტატუტის მოთხოვნებით ხელმძღვანელობის შესაბამისად, პროკურატურამ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელა იურისდიქციის, დასაშვებობისა და მართლმსაჯულების ინტერესებთან დაკავშირებული საკითხებით.