ICJ-ის ბრძანებით, ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა დაუყოვნებლივ უნდა დაუშვას

პუბლიკა

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის შეუფერხებლად შეშვება ღაზაში შიმშილის თავიდან აცილების მიზნით.

ICJ-ის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ რამდენიმე კვირაში ღაზის სექტორი შესაძლოა მასობრივმა შიმშილობამ მოიცვას.

კერძოდ, „სასურსათო უსაფრთხოების ინტეგრირებული კლასიფიკაციის გლობალური ინიციატივა”, რომელიც მსოფლიო სურსათის პროგრამის მიერ არის მართული, აცხადებს, რომ ღაზაში ვითარება „კატასტროფულად” ვითარდება.

დოკუმენტის თანახმად, შიმშილობა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს მაისში დაატყდება თავს, რაც ნიშნავს, რომ 2 მილიონ ადამიანს ელოდება საკვების მწვავე უკმარისობა, შიმშილობა და სიკვდილი.

ისრაელი ბლოკავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, სასამართლოს თანახმად, სრულიად უსაფუძვლოდ.

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პასუხად ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ის მხარს უჭერდა ახალ ინიციატივებს და აფართოებდა უკვე არსებულს, რათა შეუფერხებლად შეეტანა ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში ხმელეთით, ზღვით და საჰაერო გზით”.

ასევე, ისრაელის განცხადებით, ღაზის სექტორში მიმდინარე ვითარებაზე პასუხისმგებლობა ჰამასს ეკისრება.

26 იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ „სამხრეთ აფრიკის [სარჩელის ავტორი სამხრეთ აფრიკა იყო] მტკიცებულებები და არგუმენტები ისრაელის წინააღმდეგ ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და ისრაელის ზოგიერთი ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში ჯდება”.

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. მან უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ მიმართავენ გენოციდს და მიიღოს ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ასევე, გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.

მიუხედავად ICJ-ის ამ განცხადებისა, ისრაელს არ შეუწყვეტია თავდასხმები ღაზის სექტორზე. 2024 წლის 29 თებერვალს ისრაელის სამხედროებმა პალესტინელ მოქალაქეებს ცეცხლი მაშინაც გაუხსნეს, როცა ისინი პურისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების ასაღებად მიდიოდნენ. მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვი 32 ათასს აღემატება.