„რაც შეეხება ქალბატონ სალომე სამადაშვილს, ძალიან ნერვიულობს, ამიტომ მასზე უნდა გადავიდე. ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ღარიბაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოდის.
ანგარიშის მოსმენა ხმაურით დაიწყო. პრემიერ-მინისტრს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.
სხდომაზე პრემიერის შესავალ სიტყვას, სადაც მან ევროკომისიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა, ხმაური მოჰყვა. ხატია დეკანოიძე დარბაზიდან პრემიერს კითხვებს უსვამდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ მოუწოდა ხატია დეკანოიძეს სიმშვიდისკენ და უთხრა, რომ პროცედურის დარღვევის გამო დარბაზს დაატოვებინებდა.
ხატია დეკანოიძესთან ერთად პრემიერის გამოსვლის პარალელურად დარბაზში მიკროფონის გარეშე საუბრობდა ენმ-ის წევრი ანი წითლიძეც. შალვა პაპუაშვილმა გაფრთხილება მისცა ანი წითლიძეს და უთხრა, რომ თუ ისევ დაიწყებდა მიკროფონის გარეშე საუბარს, დარბაზს დაატოვებინებდა.