ICOM Georgia: მმართველი რგოლის ქმედებების გამო საბჭომ რამდენიმე მუზეუმის განცხადება წევრობაზე არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

ICOM-ის საქართველოს განცხადებით, ICOM-ის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა წელს 100-ზე მეტი განაცხადი მიიღო და დაამტკიცა ინდივიდუალურ, სტუდენტურ და ინსტიტუციურ წევრობაზე.

მათი განცხადებით, გაწევრების შესახებ რამდენიმე განცხადება საბჭომ არ დააკმაყოფილა, მათ შორის, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის განცხადება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის განცხადება, ასევე, საქართველოს ხელოვნების სასახლის განცხადება.

ICOM საქართველოს განმარტებით, უარის თქმის საფუძველი გახდა ის, რომ „აღნიშნული პირებისა და ინსტიტუციების ბოლოდროინდელი საქმიანობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ღირებულებებს, პრინციპებსა და ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის დებულებებს”.

„პუბლიკა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის გაწევრიანების პროცესში ICOM-ის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს წევრობის განაცხადებით მიმართა ნიკა ახალბედაშვილმა (სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორი), ნიკოლოზ აზნაურაშვილმა (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი), ნინო ჭიპაშვილმა (სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმისა და ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორი) და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმმა და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმმა. განხილვის პროცესში საბჭომ წესისამებრ იხელმძღვანელა ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსით და არ დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული განაცხადები. სამწუხაროდ, აღნიშნული პირებისა და ინსტიტუციების ბოლოდროინდელი საქმიანობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ღირებულებებს, პრინციპებსა და ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის დებულებებს,

კერძოდ მუხლებს: 1.4. ხელმისაწვდომობა, 1.11. საკადრო პოლიტიკა, 2.18. კოლექციის უწყვეტობა, 3.2. კოლექციების ხელმისაწვდომობა, 3.9 ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, 7.1. ეროვნული და ადგილობრივი კანონმდებლობა, 8.2. პროფესიული პასუხისმგებლობა, 8.3. პროფესიული ქცევა, 8.4. აკადემიური და სამეცნიერო პასუხისმგებლობა.

გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა 2022 წლიდან სამუზეუმო სფეროში წარმოებული საკადრო პოლიტიკა (რეორგანიზაციის პროცესი, რომლის დროსაც უხეშად დაირღვა პროფესიული ეთიკა, კვალიფიკაციის და გამოცდილების შეფასების გარეშე, მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე ინსტიტუციებიდან მასობრივად განთავისუფლდა 100-ზე მეტი თანამშრომელი); სამუზეუმო კოლექციებზე მკვლევართა წვდომის შეზღუდვა; ICOM საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული და დეზინფორმაციული განცხადებები; განმცხადებლების მიერ ICOM-ის საწევრო ბარათით წლების მანძილზე მოქმედი პროფესიული პრივილეგიებით სარგებლობის შეზღუდვა. 

სამწუხაროა, რომ ზემოაღნიშნული მუზეუმების ისტორიისა და მნიშვნელობის მიუხედავად, ამჟამად არსებული მმართველი რგოლის ქმედებების გამო, ICOM საქართველოს საბჭო იძულებული გახდა, მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება. 

ICOM საქართველო მზად არის, კვლავ განიხილოს ზემოაღნიშნული სამუზეუმო ინსტიტუციების განაცხადები იმ შემთხვევაში, თუ მათი პოლიტიკა განვითარდება ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსის პრინციპებისა და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ფასეულობების შესაბამისად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.