IDFI: 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა რუსეთისა და ბელარუსის 64 742 მოქალაქე

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მონაცემებით, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა  რუსეთისა და ბელარუსის 64 742 მოქალაქე.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა), რუსეთის 49 505 და ბელარუსის 15 237 მოქალაქე.

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

– 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ (31 ივლისის მდგომარეობით), ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42,577 მოქალაქეს.

– 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის 16 476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის – 11,531-ით მეტი.

– საქსტატის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2022 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით გაორმაგდა რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა.

– 2022 წლის მეორე კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით ვიზიტორთა პროცენტული წილი 58%-დან 45%-მდე შემცირდა, ხოლო მეგობრებისა და ნათესავების მონახულებისთვის ჩამოსულთა – 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.

– 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 3 036 მოქალაქეს, უკრაინის 135, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 41 მოქალაქეს.