IDFI: 4-მა მოსამართლემ სასამართლოს მეშვეობით ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა

პუბლიკა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა – კერძოდ, საუბარია მიხეილ ჩინჩალაძეზე, ლევან მურუსიძეზე, სერგო მეთოფიშვილსა და ვასილ მშვენიერაძეზე.

12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს.

ორგანიზაციის ცნობით, ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მათი თქმით, მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება.

IDFI-ში აღნიშნავენ, რომ კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ, ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.

ორგანიზაცია ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას.