IDFI: წლებია, სახელმწიფო უწყებები არ აქვეყნებენ სავალდებულო ინფორმაციას

პუბლიკა

ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” გამოეხმაურა მმართველი პარტიის მიერ 15 ივლისს ჩატარებულ ბრიფინგს – „ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ სცადა, მოეხდინა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და გაემართლებინა რუსული კანონის მიღება.

მმართველი პარტიამ რუსული კანონის საწინააღდეგო განცხადებაზე ხელისმომწერი 474 ორგანიზაცია 7 კრიტერიუმით შეაფასა:

1. ვებ-გვერდი;

2. დონორის დასახელება/ლოგო;

3. პროექტის დასახელება;

4. გრანტის ოდენობა;

5. პროექტის/გრანტის ვადა;

6. წლიური ანგარიში;

7. ორგანიზაციის გუნდი;

და განცხადა, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია არ აქვეყნებს ინფორმაციებს ამა თუ იმ ნაწილის შესახებ.

IDFI-ის განცხადებით, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების მთავარი საზომი თავად სახელმწიფო უწყებებში ამ კუთხით არსებული მდგომაროებაა.

2013 წლიდან საქართველოს საჯარო დაწესებულებებს გაუჩნდათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა იმ მინიმალური საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა უნდა გამოქვეყნონ საკუთარ ვებ-გვერდებზე.

კანონით განსაზღვრული ინფორმაციის ნუსხა აწესებს მინიმალურ მოთხოვნებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობასთან და ფინანსებთან დაკავშირებული  ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და არის სავალდებულო.

თუმცა, IDFI-ის თანახმად, წლების განმავლობაში მათ მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებდა, რომ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა არ უზრუნველყოფდა მთავრობის დადგენილებით დაკისრებული მინიმალური  ვალდებულებების შესრულებასაც კი. 

მეტიც, IDFI წერს, რომ საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის დამკვიდრების საწყის ეტაპზე, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ვიდრე ბოლო წლებში.

მაგალითად, 2014 წლის მონიტორინგის შედეგებით, საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთო მაჩვენებელი შეადგენდა 71%-ს, ხოლო 2019-2023 წლებში ეს მაჩვენებელი 50-60% მერყეობდა.

2022 წლიდან ასევე, მკვეთრად გაუარესდა სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი. კერძოდ, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნების 42%, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იყო.

„ქართული ოცნების” მიერ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალეობის საბაზისო კვლევის გამოქვეყნების შემდეგ IDFI დაინტერესდა სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე კანონის შესაბამისად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის გამჭვირვალობით.

მონიტორინგი ჩაუტარდა 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულების (პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები) ვებ-გვერდს და შეფასდა 7 გამოსაქვეყნებლად სავალდებულო საჯარო ინფორმაციის კატეგორია (2024 წლის პირველი კვარტალის (კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შემთხვევაში) და 2023 წლის (წლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შემთხვევაში).

IDFI-ის მონიტორინგმა აჩვენა, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას 7-ვე კატეგორიის მიხედვით სრულყოფილი და განახლებული ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული.

მაგალითად, უწყებების 71%-ს გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, 65%-ს სრულყოფილად გამოქვეყნებული არ ქონდა 2024 წლის პირველ კვარტალში სარეზერვო ფონდებიდან მიღებული დაფინანსების და 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები.

IDFI-სთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც 2014 წლიდან ფაქტობრივად არ ასრულებს მთავრობის დადგენილებითვე  განსაზღვრულ ვალდებულებებს და არ აქვეყნებს ფინანსურ ინფორმაციას. 

ასევე, აღსანიშნავია კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემთხვევა, რომლის ბიუჯეტი 470 მილიონ ლარს შეადგენს და 3 წელზე მეტია, არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საჯარო ფინანსების განკარგვასთან და საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროაქტიული გაუმჭვირვალობის ფონზე კიდევ უფრო პრობლემურია, ამ კატეგორიის მონაცემებზე საჯარო ინფორმაციის არ გაცემა.

მაგალითად, 2023 წელს არც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა უწყებამ IDFI-ს სრულყოფილად არ მოაწოდა  სარესტორნო და სამივლინებო ხარჯების დოკუმენტაცია, მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია დეტალური მახასიათებლებით, შტატგარეშე მოსამსახურეთა სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი და სარგოები და სხვა.