„იდი ნა *უი, რუსულო ხომალდო!“ – რა მოხდა შავ ზღვაში, უკრაინულ კუნძულზე

პუბლიკა

24 თებერვალს რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის ოლქში, შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი აიღეს. მოგვიანებით უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უკრაინის სამხედროებსა და მესაზღვრეებთან კი კავშირი გაწყდა.

საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუნძულის მცველები დაიღუპნენ და მათ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ.

რამდენიმე საათის წინ კი გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ მოუწოდებს რუსული ხომალდი უკრაინელ მესაზღვრეებს დანებებისკენ:

„მე რუსული საბრძოლო ხომალდი ვარ. გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და დაგვნებდეთ, რათა თავიდან ავიცილოთ გაუმართლებელი სისხლისღვრა და მსხვერპლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგბომბავთ“, – ჩანაწერის მიხედვით, რუსულმა ხომალდმა ეს მიმართვა ორჯერ გაიმეროა.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა კი დანებებაზე უარი თქვეს და უპასუხეს: იდი ნა *უი, რუსულო ხომალდო!

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ საარტილერიო დარტყმის შედეგად კუნძულზე 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა.

ზმეინის კუნძულზე 30-მდე ადამიანი ცხოვრობდა – ძირითადად მესაზღვრეები, მეცნიერები და შუქურის თანამშრომლები.

„აქ არის სასაზღვრო პოსტი, მაგრამ იმდენად პაწაწინაა, რომ დამოუკიდებლობის სიმბოლო უფროა, ვიდრე თავდაცვის“, – წერს ჟურნალისტი ევგენი ერლიჩი კუნძულის შესახებ.