იერუსალიმში „წმინდა ცეცხლის რიტუალი“ მრევლის გარეშე მიმდინარეობს

პუბლიკა

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში „წმინდა ცეცხლის რიტუალი“ მიმდინარეობს. თუმცა, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ამ რიტუალსაც შეეხო.

ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას მორწმუნეები ვერ ელოდებიან. ეკლესიაში პირბადეებით მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირი იმყოფება.

ასევე, ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ვინც ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩავლენ, თვითმფრინავების დატოვების უფლება არ ექნებათ. მათ ცეცხლს თვითმფრინავში საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან.

„წმინდა ცეცხლს“ საქართველოს ელჩი გადასცემს საქართველოდან სპეცრეისით ჩასულ საპატრიარქოს წარმომადგენლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ სპეცრეისითვე ჩამოვლენ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან და აშშ-დან.