იგეგმება იმ კანონპროექტის მიღება, რომლითაც შესაძლოა, გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლება შეიზღუდოს

პუბლიკა

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის კახაბერ იოსელიანის თქმით, აუცილებელია, რომ ცხოველების ყოლის წესები დარეგულირდეს და პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვები იგეგმება, რომლებიც შინაური ცხოველების ყოლის წესებს განსაზღვრავს.

კახაბერ იოსელიანის თქმით, კანონპროექტით, რომლის განხილვაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და შეჩერებული იყო, შესაძლოა, გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს კიდეც.

„როცა აგრესიულ ძაღლთან გვაქვს საქმე, აუცილებელია პრევენციის მიზნით პატრონებმა გარკვეული ვალდებულებები დაიცვან.

ჩვენ და სხვა უწყებები, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში.

იქ ყველა მნიშვნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც ამ სფეროში არის საჭირო, რომ დარეგულირდეს. მათ შორის ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებებია გათვალისწინებული, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ არის მსჯელობა იმაზე, აიკრძალოს თუ არა კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება. ახალს არაფერს ვიგონებთ, ევროპის ქვეყნებშიც ასეა. მაგალითად, პიტ ბულის ჯიშის ძაღლის გამრავლება, შემოყვანა და ა. შ. რაც, სხვა ქვეყნების მაგალითზე რომ ვთქვათ, ნორვეგიაშია აკრძალული.

თუ ეს შეზღუდვა ძალაში შევა, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც ასეთი მებრძოლი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს, ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა. თუ აიკრძალება პიტ ბულის ჯიშის ან სხვა აგრესიული ჯიშის ძაღლის გამრავლება, მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა“, – განაცხადა კახაბერ იოსელიანმა.

როგორც კახაბერ იოსელიანი „პუბლიკასთან“ განმარტავს, ამჟამად შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ. ახალი კანონი კი, მიღების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით ცხოველთა მეპატრონეებს რეგულაციებს დაუწესებს.

კახაბერ იოსელიანის თქმით, ასევე შესაძლოა, შეიქმნას ძაღლების ისეთი ჯიშების ნუსხაც, რომელიც უფრო მკაცრ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. მისი თქმით, მიმდინარეობს დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები და თუკი არ აიკრძალება კონკრეტული ჯიშების გამრავლება და შემოყვანა, ისინი შეიძლება უფრო მკაცრ რეგულაციებს მაინც დაექვემდებარონ.