თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლისთვის წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრული რეაბილიტაცია და ასევე საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იგეგმება.
მისი თქმით, ამ გამზირების რეაბილიტაციისას იმავე მიდგომით იხელმძღვანელებენ, როგორც ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაში.
„ვაპირებთ საბურთალოს და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას. აქაც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება, როგორც ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაში, როგორც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, გლდანში. მთლიანად მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება წყლის სისეტემები, შეიცვლება გაზის მილები. გამწვანება თავიდან განახლდება და დარწმუნებული ვარ, ეს გამზირებიც იქნება ისეთივე ლამაზი და კეთილმოწყობილი, როგორც ეს სხვა შემთხვევაში გვქონდა“, – თქვა კახა კალაძემ.