„იგეგმებოდა ნავალნის გაცვლა ხანგოშვილის მკვლელში" - ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი

პუბლიკა

ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრი, ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარე, მარია პევჩიხი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილამდე მისი ვადიმ კრასიკოვიში გაცვლა იგეგმებოდა. ვადიმ კრასიკოვი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სასჯელს გერმანიაში იხდის – მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

პევჩიხის განცხადებით, როგორც კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ცხადი გახდა, რომ ნავალნი ციხიდან ნებისმიერ ფასად უნდა გამოეყვანათ. ის აღნიშნავს, რომ ნავალნის მხარდამჭერები ცდილობდნენ გაცვლის ორგანიზებას, თუმცა ამის „პოლიტიკური ნება” არ არსებობდა.

მისი თქმით, პატიმრების გაცვლის გეგმაზე წინადადება ვლადიმერ პუტინს რომან აბრამოვიჩმა წარუდგინა. პევჩიხის ცნობით, 15 თებერვალს მან მიიღო ინფორმაცია, რომ ნავალნისა და კრასიკოვის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები „ბოლო სტადიაზე” იყო.

ვადიმ კრასიკოვის გაცვლასთან დაკავშირებით პუტინს ინტერესი აქამდეც არაერთხელ გამოუხატავს – მიმდინარე თვის დასაწყისში Fox News-ის ყოფილ წამყვანთან ვრცელ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის პატიმრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მისი გაცვლის შესახებ შეთანხმების მისაღწევად მზად არის და მიანიშნა, რომ ამისთვის მათ გერმანიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლება სურთ.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

იულია ნავალნიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ალექსეის საქმეს გააგრძელებს.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება”. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი მოკლულია.