სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მოინახულა.
მედიასთან ადვოკატმა თქვა, რომ ხაბეიშვილს იგივე გზვანილი აქვს სხვადასხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის.
„მე მოვინახულე ლევან ხაბიეშვილი, გადმოგცემთ მის სიტყვებს, იგი არის პოლიტიკოსი, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური განცხადებისთვის, ის დააკავეს იმისთვის, რომ მას ჰქონდა რწმენა გამარჯვების და არ უნდოდათ, რომ ეს რწმენა ხალხს გადაედოს. ის ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და მას აქვს იგივე მესიჯი ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებთან. შეთავაზება არის ძალაში, ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ შეასრულებენ უკანონო ძალადობაზე დავალებებს და გადავლენ ხალხის მხარეს, მომავალი ხელისუფლება მათ დააჯილდოვებს ძალიან სოლიდური ფულადი ჯილდოთი, ეს არის ლევანის დანაბარები და ბრძოლა ბოლომდე, ეს არის მისი მესიჯი“, – თქვა ადვოკატმა.
ადვოკატმა თქვა, რომ ბრალდება ქრთამის შეთავაზებაზე აბსურდულია.
„მის სიტყვებს ვამბობ, ხელისუფლება, რომელიც მოვიდა „5 მილიონი თითო სოფელს“ – აღნიშნული მესიჯით, ლევან აპატიმრებენ იმ დაპირებისთვის, რომელიც იგი, როგორც პოლიტიკოსი, სთავაზობს, როგორც მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს თავიანთი უფლება მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“, – თქვა მან.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა ლევან ხაბეიშვილმაც. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მარცხი აღიარა. ის წერს, რომ 4 ოქტომბერი გამარჯვების დღეა.
„პიჟონმა“ მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით. 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია. ვამბობდი და ვამბობ, საჭიროა გამარჯვების რწმენა, გატეხეთ შიში, აჯობეთ საკუთარ თავს! ბიძინამ და ამ რეჟიმმა გამოაცხადა სრული კაპიტულაცია. არ მჯერა, რომ მშიშარა ერი ვართ, არ მჯერა, რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ, პირიქით. მჯერა, დარწმუნდით ამ გზის სისწორეში და რეჟიმის მარცხში. არანაირი გრძელვადიანი, 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. ვინც კიდევ შემოგთავაზებთ, ბლა-ბლა-ბლას, იცოდეთ არის ივანიშვილის უნებლიე ან ნებით მოკავშირე. აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4-ში“, – წერს ხაბეიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის მიცემას უკანონო ქმედების ჩასადენად და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს.