„მეორე ტური იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად, დაბრუნდეს პროცესები ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე.
გიორგი გახარიას თქმით, დღეს მნიშვნელოვანია სტაბილური პოლიტიკური პროცესი იმ გამოწვევების დროს, როგორიცაა გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რეგიონული გამოწვევები.
„საქართველოს მოქალაქეებმა უკვე მაშინ, როდესაც 31 ოქტომბერს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატებისა და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში, ერთობლივად.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს და იმ მოლოდინსა და პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ თავისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.