II ტურის ლეგიტიმაციისთვის მინიმალური ზღვარი არ არსებობს - მდინარაძე ამომრჩეველთა აქტივობაზე

პუბლიკა

„აქტივობას რაც შეეხება, ეს არის ძალიან ბუნებრივი”, – პარტია „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობას გამოეხმაურა და ჩამოთვალა რამდენიმე ფაქტორი, რაც, მისი თქმით, მეორე ტურში ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას განაპირობებს.

მისი თქმით, ზოგადად, საქართველოში გამართული არჩევნების მეორე ტურში შედარებით დაბალი აქტივობა ფიქსირდება ხოლმე, რაზეც ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც.

„ასევე გავლენას ახდენს ოპოზიციის (მათი ფარული აქტივობების მიუხედავად) საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ არ მივიდნენ მათი მხარდამჭერები არჩევნებზე…

შეგახსენებთ, რომ მათი კანდიდატებიდან, რომლებიც მეორე ტურში არიან გასული და ბიულეტენებში ფიქსირდებიან, 17-დან 14 პროპორციულ სიაშიც იყო და ფლობენ დეპუტატის მანდატს. აქედან გამომდინარე, შედარებით დაბალია ინტერესი, განსხვავებით ჩვენი კანდიდატებისგან. ვინაიდან, ჩვენი კანდიდატები გამსვლელ სიაში არ იყვნენ და მათთვის მნიშვნელოვანია გამარჯვება, რომ მანდატი მოიპოვონ.

ასევე, კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ სხვა პარტიები, რომელთაც მეორე ტურში არ ჰყავთ კანდიდატი, ბუნებრივია, ინტერესესს კარგავენ ხოლმე, როგორც წესი”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციისთვის მინიმალური ზღვარი არ არსებობს. „რამდენი ადამიანიც მივა, დააფიქსირებენ თავიათ პოზიციას და ეს იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილება”.

ცესკოს ცნობით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მონაცემებით 8.29% პროცენტი შეადგინა.