პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავენ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.
კანონპროექტი ეხება საარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსში გაჩნდება ჩანაწერი:
►აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირთა მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.
► კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას.
აღნიშნული მუხლის დღეს მოქმედ ვერსიაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ „კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია”. ცვლილებების შემთხვევაში, ეს წინადადებაც ჩამოყალიბდება შემდეგნაირად – „კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია”.
საარჩევნო კოდექსში განმარტებულია წინასაარჩევნო აგიტაციისა და სააგიტაციო მასალების ტერმინთა დეფინიცია.
წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;
სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი;
კანონპროექტის ინიციატორები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.