„ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა“ | აქცია რუსთაველის თეატრთან

პუბლიკა

რუსთაველის თეატრის წინ მიმდინარეობს აქცია. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მხარს უჭერენ მსახიობ ნინუცა მაყაშვილს და გამოდიან ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა  11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. როგორც მსახიობი ჰყვება, ის განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ბესო ზანგურისგან, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.

„მხარდაჭერას ვუცხადებთ მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, ამ ფაქტზე, შესაბამისი უწყებების მხრიდან, მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება.

მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაზე საჯაროდ ისაუბრა, რუსთაველის თეატრის, 1980 წელს დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ მკვეთრად გამოხატული დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ საჯაროდ წაახალისა დისკრიმინაცია და ძალადობა.

პრობლემა არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, პრობლემა არის სისტემური ხასიათის და საჭიროებს მნიშვნელოვან და აუცილებელ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან, “- , “- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ორგანიზატორია „გილდია“. ორგანიზაციის კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა შრომითი პირობების კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 40% -ს ჰქონია შემთხვევა სამუშო ადგილას შევიწროების ან დისკრიმინაციის ხელმძღვანელობის მხრიდან.

ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 53.8 % ასახელებს, რომ ისინი გამხდარან დისკრიმინაციის მსხვერპლნი სამუშაო ადგილას, 28% სქესის ნიშნით დისკრიმინაციას ასახელებს.

შესაბამისად, „გილდია“ ითხოვს:

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადადგას ნაბიჯები, იზრუნოს სამართლებრივ დოკუმენტებსა და სსიპ თეატრების შინაგანაწესებში, დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ, ნორმების დეტალურად გაწერასა და გამკაცრებაზე.
  • ადეკვატური პასუხი გასცეს რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის მხრიდან ძალადობის წახალისებისა და სხვა მრავალი დარღვევის ფაქტებს.
  • მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული მოდელის რეფორმა, სამხატვრო ხელმძღვანელის შემოქმედებითი, მენეჯერული და ფინანსური უფლებამოსილებების განაწილება, აგრეთვე, სამხატვრო ხელმძღვანელის შიდა მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის, დემოკრატიული წესით, არჩევითად გარდაქმნა.
  • მოუწოდებენ სახალხო დამცველს, შეისწავლოს რობერტ სტურუას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.