„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდო, რომელიც 2017 წელს დაწესდა წელს მეხუთედ გაიცა. „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის – ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭა.
პრემიის ლაურეატს, წლის პრეტენდენტებს შორის კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით გამოავლენს და ასახელებს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“, პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები 9-კაციანი სარეკომენდაციო საბჭო, რომლის წევრები არიან:
ლია სტურუა /პოეტი/
კონსტანტინე გამსახურდია /დიპლომატი, პოლიტიკოსი/
დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი/
ბაღათერ არაბული /პოეტი, გამომცემელი/
ივანე ამირხანაშვილი /ლიტერატორი, „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორი/
ნინო ზაუტაშვილი /ტელეწამყვანი, მედია-პროდიუსერი/
ნინო სადღობელაშვილი /მწერალი, დრამატურგი/
გიორგი სავანელი /რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი/
დეკანოზი გიორგი წეროძე /კაპელანი, ფილოსოფოსი/
დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი მირიან ხოსიტაშვილი, რომელმაც სამადლობელ სიტყვაში განაცხადა, რომ – ეს ჯილდო ამიერიდან ბიბლიოთეკის ყოველი წევრის საკუთრებაა და დამატებითი სტიმული იქნება მეტი იმუშაონ საზოგადოების ინტერესებისათვის, განათლებასა და კითხვადობაზე მეტი ხელმისაწვდომობისათვის. აღნიშნა, რომ ილიას სახელობის ჯილდოს მიღება სიხარულის გარდა დიდი პასუხისმგებლობაცაა. ასევე, ახსენა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა ელექტორნული ენციკლოპედია და მათ მიერ შექმნილი სხვა საბიბლიოთეკო რესურსები, რითიც ილიას და მისი თანამოაზრეების მემკვიდრეობის უწყვეტობის შექმნას ცდილობენ.
დაჯილდოების ცერემონია მთაწმინდის პანთეონში, გუშინ, 12 სექტემბერს გაიმართა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური პროექტის „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – ფარგლებში.
„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“, მომავალ წელს, ისევ 12 სექტემბერს, უკვე მეექვსედ გაიცემა.