„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით“ ილიკო და ნინო სუხიშვილები დაჯილდოვდნენ

პუბლიკა

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პრემიით დაჯილდოება წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“, 2017 წელს დაარსდა ყოველ წლიურად გაიცემა. მის გაცემაზე და ლაურეატის დასახელებაზე გადაწყვეტილებას ღებულობს ფონდის სარეკმენდაციო საბჭო, 9 კაციანი შემადგენლობით, რომელშიც შედიან: პოეტი ლია სტურუა, ლიტერატორი და კრიტიკოსი ივანე ამირხანაშვილი, დიპლომატი კონსტანტინე გამსახურდია, ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე, პოეტი ბარათერ არაბული, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი, დრამატურგი და პოეტი ნინო სადღობელაშვილი, რეჟისორი გიორგი სავანელი, დეკანოზი და კაპელანი გიორგი წეროძე.

პრემიის ლაურეატის გამოსავლენად საბჭო ხელმძღვანელობის პრემიის წესდებით, სადაც მთავარი მოთხოვნებია გაწერილი, რომ ლაურეატი პროფესიული საქმიანობის გარდა ან მასთან ერთად, უნდა ითავსებდეს ისეთ აქტივობებს, რომელიც საზოგადოების სახელმწიფოებრივი და ეროვნული ღირებულებების განმტკიცებას უწყობს ხელს, მისი ქმედებები მიმართული უნდა იყოს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისაკენ, მენტალური გაჯანსაღებისაკენ, ისტორიული და საზოგადოებრივი პროცესების გადააზრებისაკენ; არ უნდა ჰქონდეს (ან ჰქონოდა წარსულში) კავშირი: ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლობებთან, საბჭოთა დროის სპეცსამსახურებთან და არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული ოკუპანტი ქვეყნის მიერ საქართველოს სახელმწიფოს ან კანონიერი ხელისუფლებების წინააღმდეგ დაგეგმილ ან წახალისებულ  ქმედებებში.

პრემიით დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია წელსაც, ტრადიციულად 12 სექტემბერს გაიმართა. „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ – წელს მიენიჭათ ილიკო და ნინო სუხიშვილებს.

დაჯილდოების ცერემონია შედგა რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ მოწყობილ ღია სცენაზე, ილიას მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი, საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ პროექტის „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – ფარგლებში. ორგანიზატორებს ინიციატივით დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება თავისუფალი იყო და  საზოგადოების ცნობილ სახეებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.