ილია ფილფანის მშობლები არ გამორიცხავენ, რომ მათი შვილი გაიტაცეს

პუბლიკა

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის ილია ფილფანის ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ილია ფილფანი გაეტაცებინათ და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაეყვანათ. ილიას მამის თქმით, მისი შვილის საქმეში არ ჩანს არც მოწმე, არც სატელეფონო ზარი ან ვიდეოჩანაწერი, რაც მათთვის ამ ეჭვებს აძლიერებს.

„არავითარი მოწმე, სატელეფონო ზარი ან ვიდეოჩანაწერი არ მოიძებნა, რაც გვიჩენს ვარაუდს, რომ ბიჭი შესაძლოა ქვეყნის საზღვრებს გასცდა ან გაიყვანეს. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარი არ კონტროლდება, შესაძლოა სწორედ იქ იყოს, თუმცა მოზარდი დამოუკიდებლად საზღვარს ვერ დატოვებდა“, – თქვა დავით ფილფანმა ჟურნალისტებთან, რომლის კომენტარსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ილია ფილფანის მშობლებმა, დავით და ქსენია ფილფანებმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

„ახალი ინფორმაცია არაფერი გვაქვს, გვეუბნებიან, რომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მისი კვალი არსად ჩანს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, შესაძლოა თუ არა ადგილი ჰქონდეს გატაცებას, მიმდინარეობს თუ არა მოზარდის საერთაშორისო მასშტაბით ძებნა, რაზეც გვიპასუხეს რომ ამ მიმართულებითაც მუშაობენ“, – „რუსთავი 2-ის“ მიხედვით, თქვა ქსენია ფილფანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ილია ფილფანი 2 თვის წინ სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაიკარგა. ის სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.