ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები გრძელდება - შსს

პუბლიკა

ილია ფილფანის ძებნა გრძელდება – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა.

სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.

მღებრიშვილის თქმით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი ვრცელდება საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

„საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112”-ის მიერ საინფორმაციო სამენოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ 112-ზე.

ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე, მეხანძრე-მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია სოფლები: ლენჯერი, ლაშდღვერი, მესგუნი, ნემსია, სოლი, კაერი, ლხანი, ქართვანი, ლანხვრი, ისკარი, ცალანარი, ეცერი, კალაში, უშგული, უღვალი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვემო ლუჰა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი, სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ზარგაში, ქურელი, ბეჩო, მაზერი, ჯორკვალი, ლატალი და აღნიშნულ სოფლებში მდებარე მიტოვებული სახლები და კოშკები. ასევე, შემოწმებულია მუგვირის ტერიტორია, ქორულდის მთის ტერიტორია, ჭუბერი და მის გარშემო ტერიტორია, ლაღამი, ლანჩვალა, სოკოს უბანი.

მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთისა და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული 4 ძველი უმოქმედო გვირაბი. ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

ასევე, დათვალიერებული და შემოწმებულია 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები.

მეხანძრე-მაშველებმა შეამოწმეს მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები.

საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს”, – აცხადებს შსს.

უწყების განცხადებით, მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, პოლიციამ შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე მუხლის, მე-3 ნაწილის, „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


ილია ფილფანს 18 ივლისიდან ეძებენ. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი სახლიდან 18 ივლის ველოსიპედით გავიდა, მას შემდეგ არავის უნახავს. მოზარდის ოჯახი და ახლობლები ილია ფილფანის მოძებნას საკუთარი ძალებითაც ცდილობენ.