ილია ღლონტი: აღმოჩნდა, რომ ნიუსის გაზიარება იყო პრობლემა - ალბათ, ეძებენ ორგანიზატორებს

პუბლიკა

გამოკითხვიდან გამოსული ილია ღლონტი ამბობს, რომ დღეს მისი დაკითხვის საფუძველი გახდა „ფეისბუქზე” გაზიარებული პოსტი, რომელიც კვირას დაანონსებულ აქციას ეხებოდა.

„აღმოჩნდა, რომ „პუბლიკის” მიერ დადებული ნიუსის გაზიარება იყო პრობლემა და ყველაფერი რაც დღეს მოხდა, ამ საფუძვლით დევს საქმეში. ასევე, ის პირები, რომლებზეც მიმართეს სასამართლოს, რომ ჩხრეკის განკარგულება გაეცათ, იქიდან ნახევარზე მეტს არ ვიცნობ, ცხოვრებაში არც ერთხელ არ მყავს ნანახი.

[…] პოლიციის მხრიდან სამმართველოში არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მაგრამ ეს მოქმედებები არის ენითაღუწერელია, შეუძლებელია, მათ ქმედებებს რამე სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს. ქვეყანაში, სადაც პოსტის გაზიარების გამო, შეიძლება, ვიღაც შემოვიდეს, გაგჩხრიკოს, წაგიყვანოს, ჩემთვის არის წარმოუდგენელი. ეს ხდება დღეს უკვე, დღეს უბრალოდ ფეისბუქის პოსტის გაზიარების გამო შეიძლება ადამიანები გახდნენ ჩხრეკის მსხვერპლი. წინასგან განსხვავებით, ტელეფონი ეგრევე ჩამომართვეს, სრულ იზოლაციაში ვიყავი სახლში. საბოლოო ჯამში, პრობლემა მდგომარეობს ამ რეჟიმის სისტემატურ უსამართლობაში, სისტემიდან, ყველანაირი მორალის ფარგლებიდან გასულები არიან. ასევე, ალბათ, ეძებენ ვიღაც ორგანიზატორებს. თვითონ არიან ამის ორგანიზატორები, უნდა გვესმოდეს ყველას, იმიტომ, რომ მათ გადააბიჯეს ყველა სამართლებრივ ჩარჩოს, მათ შექმნეს ეს სიტუაცია ქვეყანაში და ისინი არიან დამნაშავეები იმაში, რაც ახლა ხდება. იმაში, რომ ხალხი თვითორგანიზებით მიდის ამ აქციებზე, ითხოვს მეტ და ფართო პროტესტს და ამ მოქმედებით ამას ვერანაირად ვერ გააჩერებენ.

სისტემას ეშინია თავად, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგად არის, ასეთ ქმედებებს არ მიმართავ. სისტემას ეშინია, რომ თავისუფალი ადამიანები სადღაც შეიკრიბებიან, კიდევ უფრო გაძლიერდება პროტესტი და ფიქრობენ, აი, ახლა, იქნებ იმუშაოს. არ იმუშავებს. ეს პროტესტი არის ხალხის, ეს პროტესტი არ ეკუთვნის დაიტოვეს და არავის ამ ქვეყანაში. ეს პროტესტი ეკუთვნის იმ ადამიანების, რომლებიც თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი ქვეყნისთვის იბრძვიან”, – ილია ღლონტი.


დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქტივისტების სახლებში ჩხრეკა – პოლიცია იმყოფებოდა ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებლების, ნენსი ვოლანდისა და ილია ღლონტის სახლებში. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ასევე ისაკო დევიძის სახლში, რის შემდეგაც ის პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ნენსი ვოლანდის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა ადვოკატი – მას ჩხრეკის შემდეგ განყოფილებაში წაყოლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნენსი ვოლანდს გადასცეს გამოკითხვაზე დაბარების უწყება.

შსს-ის განმარტებით, სამართალდამცველებმა თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.