საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც პატრიარქი ილია II მისი აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავზე ეპისკოპოსების გარემოცვაში იმყოფება. საპატრიარქოს ცნობით, 6 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეო 2024 წლის 25 დეკემბერსაა გადაღებული.
ვიდეოში ილია მეორე ამბობს:
„ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით. გისურვებთ დიდ წარმატებებს. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთანა ხართ“.
ვიდეოში ჩანს, რომ ეპისკოპოსებს სამედიცინო პირბადეები უკეთიათ, ისინი ილია მეორეს სხვადასხვა საკითხზე ესაუბრებიან. ამ დღეს ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ილია II-ს „საუბარიც შეუძლია და გალობაც“.
მანამდე „საქართველოს საპატრიარქო (ოფიციალური გვერდი)” გამოქვეყნდა ილია მეორის 2025 წლის საახალწლო მილოცვა. ამ გვერდზე ვიდეო ჯერაც ხელმისაწვდომია. მოქალაქეებმა ვიდეო გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ვიდეო 2023 და 2024 წლების მილოცვებიდან არის დამონტაჟებული და არ არის ახალი.
ეს დაადასტურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ „მას და მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამასთან არაფერი აკავშირებს“.