„მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება“, – დღეს ასე მიმართა მრევლს საკვირაო ქადაგების დასასრულს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ.
„მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში. ეს მოგცემთ მადლსა და წყალობას.
მადლობა თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიფიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმაც და სხვებმაც“, – განაცხადა ილია მეორემ.
სინოდის გახმაურებული სხდომის შემდეგ პატრიარქმა საჯაროდ პირველად ისაუბრა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში გამწესდა. 31 ოქტომბერს სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება და გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან, ასევე სინოდის წევრობიდან. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).